დედაკაცების ფერხული

დედაკაცების ფერხული, უძველესი ქართული ხალხური ცეკვა, ქალთა ფერხული, რ-იც სრულდებოდა სამხმიანი სიმღერის თანხლებით.

დათვის სამოსელში გამოწყობილი „დათო-ბერიკა" ქალთა ფერხულში ჩადგებოდა და ასრულებდა სიმღერის შინაარსის ადეკვატურ მოძრაობებს. მეფერხულე დედაკაცები წრეში იმწყვდევდნენ დათვისნიღბიან მამაკაცს, უმღეროდნენ მას და აიძულებდნენ განესახიერებინა სიმღერის ტექსტი. ბერიკა ხშირად ტექსტისაგან დამოუკიდებელ, იმპროვიზებულ მოძრაობებსაც აკეთებდა, რის გამოც დედაკაცები დაირცხვენდნენ და წივილ-კივილით დაიშლებოდნენ.

ცეკვას ზოგჯერ დათოსაც უწოდებდნენ.

ა. თათარაძე