დედისიმედი

დედისიმედი, XVI ს. II ნახ. სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე, ქაიხოსრო II ჯაყელის მეუღლე, ბაგრატ მუხრანბატონის ასული.

1573, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დებორას სახელით მონაზვნად შედგა, მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს ათაბაგად გახდომისთანავე ისევ დაუბრუნდა პოლიტ. ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა. 1576–79 სამცხეში შინაფეოდ. ომის დროს ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სამხ. ოპერაციებს და დიპლ. მოლაპარაკებებს. ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (1578) შემდეგ ისევ მესხეთში დარჩა, საკანაფის ციხეში გამაგრდა და იქიდან ხელმძღვანელობდა თურქთა წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას.

დ. მიჩნეულია „მესხური დავითნის ქრონიკის" ერთ-ერთ ავტორად, ცოცხალი ჩანს 1595.

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV—XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961.

შ. ლომსაძე