დავიდოვა ვერა ალექსანდრეს ასული

ვ. დავიდოვა

დავიდოვა ვერა ალექსანდრეს ასული (17. IX. 1906, ნიჟნინოვგოროდი, – 20. II. 1993, თბილისი), მომღერალი (მეცოსოპრანო) და პედაგოგი. რსფსრ (1951) და საქართვ. (1981) სახ. არტისტი, პროფესორი (1964), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1946, 1950, 1951). დ.მჭედლიძის მეუღლე.

1930 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ე. დევოს-სობოლევას კლასი). 1929–32 იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1932–56 – სსრკ დიდი თეატრის სოლისტი.

1941–43 დიდი წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1959-იდან თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი იყო. მისი მოწაფეები იყვნენ მ. ქასრაშვილი, თ. გურგენიძე და სხვ. შესანიშნავი ხმისა და ბრწყინვალე სცენური გარეგნობის წყალობით დ-მ შექმნა ღრმა დრამატიზმითა და მასშტაბურობით გამორჩეული სახეები რუს. კლასიკურ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიუბაშა (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე"), მარფა (ნ. მუსორგსკის „ხოვანშჩინა"), კარმენი (ჟ. ბიზეს „კარმენი"), ამნერისი (ჯ. ვერდის „აიდა") და სხვ.

პირველად თბილ. ოპერის სცენაზე შეასრულა კონჩაკოვნას (ა. ბოროდინის „თავადი იგორი"), დალილას (კ. სენსანსის „სამსონი და დალილა"), შარლოტას (ჟ. მასნეს „ვერთერი") პარტიები. აღსანიშნავია დ-ს საკონცერტო მოღვაწეობაც (7 სოლო კონცერტისაგან შემდგარი ციკლი „რუსული რომანსის განვითარების გზა", 1946; კლასიკური და თანამედროვე ქართ. რომანსების საღამო, თბილ., 1959). გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთაც.

ავტორია წიგნისა „მომღერლის სუნთქვა და ზოგიერთი რჩევა ხმის დაყენებისათვის" (1966, დ. მჭედლიძესთან ერთად).

მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.