დავით IV აღმაშენებელი

დავით IV აღმაშენებელი გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობა XVI ს.
 

დავით IV ა ღ მ ა შ ე ნ ე ბ ე ლ ი (1073 – 24. I. 1125), საქართველოს მეფე 1089–1125, გიორგი II-ის ძე. გამეფდა 16 წლის.

მემკვიდრეობად ერგო სელჩუკიანი თურქებისგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. სამეფო იმდენად იყო დასუსტებული, რომ მისი უფლებები მხოლოდ დას. საქართველოზე ვრცელდებოდა. დ. IV-მ თავიდანვე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა სელჩუკიან თურქებს, ავიწროებდა მათ, დევნიდა და მთებში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა. დ. IV ებრძოდა სახელმწ. ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიან ფეოდალებს.

1093 მან შეიპყრო გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში, მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძვ. ღირსებებიც შეუნარჩუნა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა მის ხელახალ ღალატში, 1094 კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103, ლიპარიტის ძის, რატი IV ბაღვაშის, გარდაცვალების შემდეგ, დ. IV-მ გააუქმა ლიპარიტის შემდგომ ისედაც ნომინალურად არსებული კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულების ნაწილი სამეფო დომენად აქცია, ნაწილი (არგვეთი) კი გელათის მონასტერს გადასცა. იმავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები – ძაგანი და მოდისტოსი.

თურქების ძლიერების შესუსტებით, რასაც სულთან მალიქ-შაჰის სიკვდილის (1092) შემდეგ დაედო სათავე, და 1099 მათ ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართვ. ეკონ. და კულტ. აღმავლობა. სელჩუკიან თურქთა ალაგმვის შემდეგ დ. IV შეუდგა ქართ. მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზნის ციხე, რასაც განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის შემოერთებისათვის. 1104 საქართვ. გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების – არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო სელჩუკიან თურქთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა, ლაშქრობა მოაწყო საქართვ. მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში (იხ. ერწუხის ბრძოლა 1104) საქართვ. მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დ. IV-ს. ერწუხთან მოპოვებული გამარჯვებით ჰერეთ-კახეთი საბოლოოდ იქნა შემოერთებული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონ. და სამხ. ძალების შესამჩნევი ზრდის თვალსაზრისით. ამიერიდან უკვე, ერთიან, ძლიერ საქართვ. შეეძლო ფართო მასშტაბის პოლიტ. თუ ეკონ. ღონისძიებათა ქმედითად გატარება. აქედან მოყოლებული საქართვ. სამეფომ ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რამაც ქვეყანა იმდროინდელ წინა აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია. 

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი.
 

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრ. ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლ. ფეოდალებსაც ებრძოდა. 1104 მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რ-მაც სამეფო ხელისუფლების განსამტკიცებელი ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სას. თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში „ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ" (იხ. „რუის-ურბნისის საეკლესიო კრების" ძეგლისწერა). ამ ღონისძიებათა წყალობით სახელმწ. ხელისუფლებამ ეკლესია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. ამიერიდან დიდმა ფეოდალებმა მღვდელმთავართა სახით ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერი მოკავშირეები დაკარგეს. მეფის საეკლ. პოლიტიკა, რ-იც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმ დიდი სამეფისკარო პოლიტიკისა, ქვეყნის ცენტრალიზაციას და კულტ. წინსვლას რომ ემსახურებოდა, წარმატებით ხორციელდებოდა. ჩამოყალიბდა მეფის მკაფიოდ გამოხატული საეკლ. ძალაუფლება. ამას, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულმა ქმედითმა ღონისძიებამ – ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებამ – მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელის სახელოს შემოღებამ (სავარაუდოდ 1104–05). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს იყო მაღალი სამოქალაქო და საეკლ. მმართველი.

საშინაო საქმეების მოწესრიგების შემდეგ დ. IV-მ განაახლა სელჩუკიან თურქებთან ბრძოლა. 1110 ქართველთა ლაშქარმა აიღო სამშვილდე, 1115 – რუსთავი, 1117 – გიში, 1118 – ლორე. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. ფეოდ. ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. დ. IV-მ გაატარა სამხ. რეფორმები – საგანგებოდ გაწვრთნა ჯარი და დაამყარა მტკიცე დისციპლინა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118–20 ჩრდ. კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (სავარაუდოდ ქართლში) დაასახლა ყივჩაყთა 40 ათ. ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა ორმოციათასიანი მუდმივი ჯარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია –„მონა-სპა".

ამ სამხ. რეფორმებმა ქვეყანა გაამაგრა და გააძლიერა. სამეფო ხელისუფლების ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა და ქვეყნის ცხოვრების ყველა მხარე მეფის ძალაუფლებას დაემორჩილა. ამასთან, მოხდა ხელისუფლების სრული კონცენტრირება: საქართველოს მეფე თვითმპყრობელი გახდა. 1121 აგვისტოში დ. IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორთან (იხ. დიდგორის ბრძოლა 1121) და ამ გამარჯვებით კიდევ უფრო განამტკიცეს საქართველოს ავტორიტეტი მთელ ახლო აღმოსავლეთში. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122, დ. IV-მ თბილისიც შემოუერთა საქართვ. სამეფოს. ამით ფაქტობრივად დასრულდა საქართვ. სამეფო ხელისუფლების მიერ წამოწყებული ქვეყნის გაერთიანების პროცესი. ამიერიდან თბილისი კვლავ სატახტო ქალაქად იქცა, სადაც მალე საქალაქო თვითმმართველობაც გაუქმდა. 1123 დ. IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც. დ. IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დ. IV-მ შირვანი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. შირვანისა და ანისის სელჩუკიანი თურქებისაგან გათავისუფლება დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი იყო. დ. IV-ის მიერ მოპოვებულმა დიდმა წარმატებებმა, ამიერკავკასიიდან სელჩუკიან თურქთა განდევნამ გააფართოვა საქართვ. სამეფოს პოლიტ. საზღვრები ნიკოფსიიდან (ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე (დერბენდამდე) და ოსეთიდან არაგაწამდე (სომხეთი). განუზომლად გაიზარდა საქართვ. საერთაშ. მნიშვნელობა. იგი უძლეველ ქვეყნად მიიჩნიეს იმდროინდელმა მახლობელი აღმ. მუსლიმურმა სახელმწიფოებმა.

დავით აღმაშენებლის საალმო ჯვარი. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. თბილისი
 

დ. IV-ის საგარეო პოლიტიკის თვალსაწიერში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩრდ. ქვეყნებსა და ხალხებს. ამიტომ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მათთან ურთიერთობა ინტენსიურად წარიმართა. ჩრდ. კავკასიის ხალხებში დ. IV ხედავდა იმ ფრიად ანგარიშგასაწევ ძალას, რ-საც სელჩუკიან თურქთა წინააღმდეგ ბრძოლასა და ამიერკავკ. ხალხთა კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. დ. IV-ის აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ მრავალთა შორის ბიზანტ. ურთიერთობის პრობლემებიც მოიცვა. დ. IV ერთიანი საქართველოს მეფეთაგან პირველი იყო, რ-მაც უარყო ბიზანტ. საკარისკაცო ტიტულები. ამის მიუხედავად, დ. IV, რ-იც სელჩუკიან თურქთა განდევნისათვის იბრძოდა, კარგად გრძნობდა, რომ ბიზანტ. იმპერიასთან ურთიერთობა თანაბარ ვითარებაში აუცილებელი იყო. სწორედ ბიზანტიასთან ურთიერთობის განმტკიცების ინტერესმა გადაადგმევინა საქართვ. მეფეს ნაბიჯი დინასტიური ქორწინებისაკენ, რაც იმით გამოიხატა, რომ 1116 თავისი ქალიშვილი კატა „გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად". ბიზანტიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პოლიტიკა არ შეცვლილა დ. IV-ის მეფობის ბოლო წლებამდე, რითაც საქართვ. სამეფომ თავისი სამხრ.- დას. საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყო.

დ. IV-ის დროინდელ საქართველოს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა ჯვაროსნებთან, რ-ებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ევრ. და წინა აზიის ქვეყნებსა და ხალხებზე, საერთოდ მთელ მსოფლიოზე. დიდგორის ბრძოლაში დ. IV-ის ლაშქარში ევრ. რაინდებიც (სავარაუდოა ჯვაროსნები) იღებდნენ მონაწილეობას.

ზემოთქმულის გარდა, დ. IV-ის დროს საქართვ. ფართომასშტაბიანი პოლიტ.-კულტ. ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან. ასეთი აქტ. საგარეო პოლიტიკა ფეოდ. საქართველოს პროგრესს – პოლიტ., ეკონ. და კულტ. წინსვლის საქმეს ემსახურებოდა.

დ. IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII ს. I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა. დ. IV-მ გაატარა ღონისძიებები სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად.

მოჭრა მონეტები როგორც ქართ., ისე არაბ. ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას – სააჯო კარს. ახ. სამართლის ინ-ტის შექმნა და სამართალწარმოების მაღალ დონეზე აყვანა იმ დროს მეტად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ის გარემოება, რომ სასამართლო უმაღლეს საფეხურზედაც კი სახელმწ. მართვა-გამგეობისაგან განცალკევებული იყო და განსაკუთრებულ დაწესებულებად იქცა, ქართ. სამართლის დიდ წარმატებად და ღირსებად უნდა ჩაითვალოს.

დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა. გელათის მონასტერი

დ. IV-ის თაოსნობით დაიწყო გელათის მონასტრის მშენებლობა (1106). მანვე დააარსა ქართ. კულტ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – გელათის აკადემია. დ. IV-ის განკარგულებით აიგო ღვთისმშობლის ეკლესია შიომღვიმეში. დ. IV-ის კულტ.-საგანმან. მოღვაწეობის შესახებ, ქართვ. ისტორიკოსების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფე ზრუნავდა ახალგაზრდების განათლებაზე და ცოდნის მისაღებად ბიზანტიაში აგზავნიდა.

ცალკე სახლი აუგო მაჰმადიან მეცნიერებს, ფილოსოფოსებს და პოეტებს, რ-თაც მატერიალურადაც ეხმარებოდა და ხანგამოშვებით საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა. დ. IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართ. ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინ. პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რ-იც შუა საუკ. ქართ. კულტ. იდეოლოგიური და ესთეტ. მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სას. ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელისა და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დ. IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რ-იც მის სულს არ ამძიმებდეს. ასეთი თავმდაბლობით ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დ. IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა, ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას კი ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა.

დ. IV იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მეფე და მხედართმთავარი, კულტურისა და განათლების დიდი მოამაგე, რ-იც მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში ემსახურებოდა ფეოდ. საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

დ. IV დაკრძალულია თავისსავე აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტერში. საფლავის ქვაზე, რ-იც მონასტრის ჩრდ. შესასვლელის იატაკზეა დაგებული, დატანილია წარწერა: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე".

სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დ. IV აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა, ხსენების დღეა 8 თებერვალი (ძვ. სტ. 26 იანვარი), თსუ-ის ეზოში აიგო დ. IV-ის ეკლესია (1995). საქართველოს ხელისუფლებამ 1992 დააწესა დავით აღმაშენებლის ორდენი, როგორც უმაღლესი სახელმწ. ჯილდო. მის სახელს ატარებს ხეივანი თბილისში, გამზირი, უნივერსიტეტი, საზ-ბა. ქუთაისსა (1995, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ვ. დავითაია) და თბილისში (1997, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. ო. კალანდარიშვილი) დაიდგა დ. IV-ის ძეგლები.

თხზ.: გალობანი სინანულისანი, წგ.: ჩვენი საუნჯე, ტ. 1, თბ., 1961.

წყარო: ცხოვრება მეფეთა-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: გ რ ი გ ო ლ ა შ ვ ი ლ ი  ლ., დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის" კონცეფციისათვის, კრ.: ქართული ლიტერატურის საკითხები, ტ. 2, თბ., 1971; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დავით IV, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

რ. მეტრეველი