გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები

გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის ძეგლები სოფ. გიორგწმინდის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში.

სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. გიორგწმინდისწყლის მარჯვ. ნაპირზე, ადგილ ნასისხლართან მდებარეობს ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ. ნამოსახლარი. გამოვლენილია 2 კულტ. ფენა. მოპოვებულია კერამ. ნაწარმის ფრაგმენტები და ცხოველთა ძვლების ნაშთები. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან, ციხეთგორად წოდებულ ადგილზე, გამოვლენილია ძვ. წ. III ათასწლ. შუა ხანის სამაროვანი. გათხრილია (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) ორ და სამიარუსიანი ქვის მშრალი წყობით ნაგები ინდივიდ. და კოლექტიური სამარხები. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, ლითონის, ძვლის, სარდიონისა და მინისებური პასტის ნაკეთობანი.

აღმოჩენილი მასალა ახლოს დგას საქართვ. ტერიტ-ზე გათხრილ მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებთან (სამშვილდე, ამირანის გორა), აგრეთვე ჩრდ. ოსეთში, ჩაჩნეთსა და ინგუშეთში მოპოვებულ მასალასთან.

სოფ. გიორგწმინდის მოპირდაპირე ქედზე მდებარეობს გვიანდ. შუა საუკ., ფიქლის მშრალი წყობით ნაგები 2 მიწისზედა აკლდამა და 1 აკლდამის ნაშთი. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან ე. წ. „ქავის გორაზე" მდებარეობს განვითარებული შუა საუკ. საგინას ციხე. შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკის ნაშთი, რ-ის გარშემო ნასახლარია.

სოფლის ახლოს, ციხეთგორის ქედზე, არის გვიანდ. შუა საუკ. ხატი, ე. წ. „შარის ყარაული". იგი ქვის მშრალი წყობით ნაგები საზარე კოშკია, რ-საც საფეხურებიანი გადახურვა აქვს.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 2, თბ., 1982; Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Маргвелашвили М. Г., Работы Жинвальской комплексной экспедиции, წგ.: Археологические открытия 1985 года, М., 1987.

გ. გოგოჭური