დევენაანთხევი

დევენაანთხევი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ერწოს ქვაბულში, თბილისი – თიანეთის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1080 მ, თიანეთიდან 24 კმ. 177 მცხ. (2002).

სოფელი ზოგიერთ წყაროში დევენაანთკარადაც იხსენიება. მან ეს სახელწ. აქ მოსახლე გვარის მიხედვით მიიღო. XVIII ს. პირველ მეოთხედში ერწოს მოსახლ. აღწერაში მართლაც მოიხსენიებიან დევნაშვილები.

მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობამ ადრევე შეუწყო ხელი ამ ტერიტორიაზე ადამიანთა სამოსახლოს გაჩენას, რასაც ჟალეთის მხარის დაწინაურებასთან ერთად უნდა ჩაჰყროდა საფუძველი. მას შემდეგ, რაც წმ. ნინომ IV ს-ში ერწო-ჟალეთში ქრისტიანობა იქადაგა და ერწოელები მონათლა, ერწოს ქვაბულის რიგ დასახლ. პუნქტებთან ერთად ეს სოფელიც ქრისტ. რელიგ. და კულტ. საყრდენად იქცა როგორც საქართვ. მთიანეთში, ისე კახეთის სიღრმეში შესაღწევად. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს სოფელში შემორჩენილი ძვ. ეკლესია- სალოცავები.

დ-ის მარცხ. ფერდობზე მდებარეობს ძვ. ეკლესია. მისი საკურთხეველი სწორკუთხაა, შემორჩენილია რიყის ქვით და დუღაბით ნაგები აღმ. და ჩრდ. კედლები. აღმ. კედელში დატანებულია სარკმელი, ხოლო სამხრ. და ჩრდ. კედლის კუთხეებში თითო ნიშია. სამეფო ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ ტერიტორიებს. XI–XVI სს-ში დ-ის ადგილმამული, ერწოს დიდ ნაწილთან ერთად სვეტიცხოვლის საკუთრებად განიხილებოდა, ხოლო XVII ს-იდან, განსაკუთრებით შაჰ-აბასის დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ, იგი უფრო კახეთის მეფეთა სახასო საკუთრებად გადაიქცა და მას მეფის მოხელეები მართავდნენ. ამავე დროიდან უნდა ხდებოდეს სოფლის მოსახლ. შევსება ქართვ. მთიელებით, თუმცა ეს პროცესი XVIII–XIX სს-შიც გრძელდებოდა.

XVIII ს-იდან სახასო საკუთრებასთან ერთად ჩნდება სათავადო საკუთრებაც. იმდროინდელი სამხ. ტერიტ. დაყოფით, სოფელი გვიანდ. შუა საუკუნეებში რუსთაველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, როგორც სხვა „ერწონი სრულად კომლნი და სახლისა შემძლე მეომარნი". XIX ს-იდან დ-ში აქტიურად სახლდებოდნენ ხევსურები. სოფელში მისდევდნენ მესაქონლეობასა და მემინდვრეობას. საბჭ. პერიოდში სოფელი ერწოს მეხორცეობა-მერძევეობის მეურნეობაში იყო გაერთიანებული. ამჟამად მცირე, ინდივიდ. მეურნეობებია.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს., თბ., 1984; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები, წგ. 1, თბ., 1967; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, კრ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.

კ. კახაძე