დევი

დევი, ზღაპრის პერსონაჟი, ბოროტი საწყისი, ეშმაკი, დემონი; უხეში ფიზიკური ძალის განსახიერება, გოლიათი.

ქართ. ფოლკლორში დ. ავსულის, ეშმაკის მსგავსია. დ-ის, როგორც პერსონაჟის, სახე შედარებით გვიან ჩამოყალიბდა ზღაპრული დ. მავნე, ბოროტი არსებაა, ითავსებს გველეშაპის ფუნქციებსაც, მრავალთავიანია, შეიძლება იყოს თეთრი, წითელი ან შავი; შთანთქავს მზეს, იტაცებს და ქვესკნელში მალავს მზეთუნახავებს, რ-ებთანაც სამიჯნურო ურთიერთობას ამყარებს. დ. გამოირჩევა გიგანტური გარეგნობით, განუზომელი სიმაღლით. ცხოვრობს ადამიანური ყოფით, ჰყავს ძმები, დედა.

სახლობს ქვესკნელში, ზოგჯერ – გამოქვაბულსა ან ჩვეულებრივ სახლში. ხშირად დიდი სიმდიდრის მფლობელია. დ-ის მოკვლა ძნელია მისი სულის მრავალსაფეხურიანი საფარის გამო. აქვს კანიბალური თვისებები: ადამიანის სუნის შეგრძნება და მისი შეჭმის სურვილი.

დ-ის საზარელი გარეგნობა ზოგიერთ ქართ. ზღაპარში სატირულ ელფერს იღებს. სიბრიყვითა და უგუნურობით ის ბევრჯერ კომიკურ მდგომარეობაში ვარდება.

ლიტ.: ო ჩ ი ა უ რ ი  თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967; ჩ ა ჩ ა ვ ა  მ., სპარსულ-ქართული ფოლკლორული ურთიერთობიდან, კრ.: ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 3, თბ., 1972; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947.

მ. ჩაჩავა