გირავნობის კანონი ერეკლე II-ისა, საგანგებო დადგენილება, რ-იც აწესრიგებდა აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 თბილისის აოხრებისა და დაწვის შემდეგ წარმოშობილ სადავო საკითხებს დაგირავებული სახლებისა და დუქნების თაობაზე. გამოსცა ერეკლე II-მ ქალაქის მოხელეთა „თანდასწრებით", ითვალისწინებდა სახლის დამგირავებლის ვალის შემცირებას 1/4-ით. დამწვარი დაგირავებული დუქანი მოგირავნეს (კრედიტორს) უნდა აღედგინა, ხოლო დამგირავებელს სესხი სრულად გაესტუმრებინა. კანონი ხელს უწყობდა ქალაქის აღორძინებას.
წყარო: „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთ დროთა შემოღებულნი სჯულნი", ი. დოლიძის გამოც., წგ.: საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., 1960.
დ. ფურცელაძე