დეისი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის თემში (იმერეთის მხარე), მესხეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 700 მ, ხარაგაულიდან 20 კმ, მოლითიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 265 მცხ. (2002).
დ. წყაროებში პირველად XVIII ს-შია მოხსენიებული გდეისის სახელწოდებით, თუმცა ი. გიულდენშტედტი სოფელს „დს" უწოდებს. 1711 დ. ქართლის სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან ძალადობრივი შეერთების შემდეგ – გორის მაზრაში, ხოლო ქუთაისის გუბ. შექმნის შემდეგ – შორაპნის მაზრაში.
სოფელში დგას XIX ს. წმ. კვირიკეს ეკლესია. ნაგებია ჭალის თლილი ქვის სწორი რიგებით.
თ. ბერაძე