დეკაბრისტები

რუსი რევოლუციონერები, რ-ებიც 1825 დეკემბერს აჯანყდნენ თვითმპყრობელობისა და ბატონყმობის წინააღმდეგ.

ჯერ კიდევ დეკაბრისტული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში (1816–25), განსაკუთრებით კი მისი დამარცხების შემდეგ, მეფის მთავრობა კავკასიაში ასახლებდა ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს. საქართველოში მსახურობდნენ პოეტი ვ. კიუხელბეკერი, ლიტერატორები ე. ლაჩინოვი და პ. მუხანოვი, აგრეთვე ფარული საზ-ბის წევრები ან აჯანყების მონაწილეები: ა. იაკუბოვიჩი, თ. ბაშმაკოვი, ა. ავენარიუსი, დეკაბრისტულ წრეებთან დაახლოებული ა. გრიბოედოვი და სხვ.

ისინი ხშირად იკრიბებოდნენ თბილისში და მსჯელობდნენ აქტუალურ პოლიტ. და ლიტ. საკითხებზე. როგორც ჩანს, ეს იყო არა ორგანიზაციულად გაფორმებული ფარული საზ-ბა, არამედ თანამოაზრე მეგობართა გარკვეული წრე, რ-ებიც დიდი ინტერესით სწავლობდნენ საქართველოს ცხოვრებას. მაგ., ვ. კიუხელბეკერი 1821 მიწურულიდან თბილისში მსახურობდა და ხშირად ხვდებოდა თავის მეგობარ ა. გრიბოედოვს. მან არაერთ ნაწარმოებში გამოხატა სიყვარული „მშვენიერი გურჯისტანისადმი" (ლექსი „ბედმა ალერსი მე არ მარგუნა", პოემა „იური და ქსენია" და სხვ.). რუს.-ირან. 1826–28 და რუს.-ოსმ. 1828–29 ომების დროს კავკასიაში გადაიყვანეს 65-მდე დეკაბრისტი ოფიცერი, აჯანყების მონაწილე 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ამ მოძრაობასთან დაკავშირებული მრავალი მოღვაწე.

დ. საქართველოში ავრცელებდნენ რევ. იდეებს. დ-ის გარკვეული გავლენა განიცადეს 1832 შეთქმულების რადიკალურად განწყობილმა მონაწილეებმა, კერძოდ, ს. დოდაშვილმა და გ. ორბელიანმა. ამ უკანასკნელმა კ. რილეევის „ნალივაიკოს აღსარება" ქართულად გადმოაკეთა და ფარული საზ-ბის კრებაზე წაიკითხა. გადმოსახლებულთა შორის იყვნენ ლიტერატორები და ჟურნალისტები, მაგ., ვ. სუხორუკოვი, ა. ვედენიაპინი, გ. ორჟიცკი, ი. ბურცოვი, ნ. ცებრიკოვი, ძმები ბესტუჟევები.

30-იან წლებში მათ შეუერთდათ ს. კრივცოვი, ვ. ნოროვი, ა. კორნილოვიჩი, ა. ოდოევსკი და სხვ. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ა. ბესტუჟევი (მარლინსკი) და ა. ოდოევსკი, რ-ებმაც მრავალი აღფრთოვანებული ფურცელი უძღვნეს საქართვ. და კავკასიას.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ა  ლ., დეკაბრისტები საქართველოში, თბ., 1955; რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, შემდგ. ვ. შადური, ტ. 1, თბ., 1949; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968.

ვ. შადური