დათვის სოკო

დათვის სოკო

დათვის სოკო, ძ ი რ ბ უ კ ა (Boletus edulis), ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

მისი ქუდის დიამეტრი 20 სმ, ზოგჯერ მეტიცაა. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ რამდენადმე გაშლილია; ფერად – მოთეთროდან მუქ მურამდე. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია წვრილნასვრეტებიანი მილების შრე.

ფეხის სიგრძე 12 სმ-მდეა, სისქე – 6 სმ-მდე. ძირში ბოლქვისებრია, შემდეგ კი თითქმის ცილინდრული, თეთრი ან ღია მურა; ზედაპირზე ახასიათებს თეთრი ბადისებური გამოსახულება. რბილობი თეთრია და სასიამოვნო სუნი აქვს. ზაფხულ-შემოდგომით იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში.

საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. საჭმელი სოკოა.

ი. ნახუცრიშვილი