დელილი

დელილი (Delisle) ჟოზეფ (იოსებ) (4. IV. 1688, პარიზი, – 11. IX. 1768, იქვე), ასტრონომი, გეოგრაფი, კავკასიოლოგი. პარიზის მეცნ. აკად. წევრი (1714), პეტერბურგის მეცნ. აკად. აკადემიკოსი, ამავე აკად. გეოგრ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

1727–47 მოღვაწეობდა რუსეთში. დ. შეხვდა პეტერბურგში ჩასულ ვახტანგ VI-ს, მეფე ბაქარს. მისი წინადადებით, რუს. საგარეო კოლეგიის პროფ. გ. კერმა ლათინურად თარგმნა ულუღბეგის ასტრონ. თხზულება „ზიჯი". ამასთან დაკავშირებით შეისწავლა აღნიშნული ძეგლის ვახტანგისეული თარგმანის ხელნაწერი.

1736 დ. გაეცნო პეტერბურგში დიპლ. მისიით ჩასულ კახეთის სამეფოს წარმომადგენელს როსებს, რ-ის დახმარებითაც შეადგინა კახეთის სამეფოს სქემატური რუკა (დაცულია სანქტ-პეტერბურგში, რუს. მეცნ. აკად. ბ-კის ხელნაწერთა განყ-ბაში „დელილის პორტფელი"). 1738 ბაქარმა დ-ს გადასცა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები, რ-ებიც გეოგრ. დეპარტამენტში თარგმნეს და გაამრავლეს.

1740 პეტერბურგში ჩასული ვახუშტი დაინტერესდა საქართვ.- კავკ. იმ ქართული რუკების მდგომარეობით, რ-ებიც ამ დეპარტამენტში ითარგმნებოდა. 1747 დ. სამშობლოში დაბრუნდა. სხვა მონაპოვართან ერთად მან თან წაიღო საქართვ.- კავკ. რუკები. გამოსცა ვახუშტისეული თბილისის გეგმა.

1766 პარიზში გამოაქვეყნა რუსეთიდან წაღებული სხვა რუკები შესავალ წერილთან ერთად. მეცნიერის ფონდი დაცულია საფრანგეთის საზღვაო სამინისტროს არქივში.

ფ. სიხარულიძე