დათუნას ეკლესია, ხუროთმოძღვრების ძეგლი, X–XI სს. მიჯნის ქრისტიანული ეკლესია დაღესტანში, სოფ. დათუნას მახლობლად (თლიარატის რ-ნი), მდ. ავარიის ყოისუს მარცხ. ნაპირზე, ვიწრო, კლდოვან ხეობაში.
წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ერთნავიან შენობას. შემოსილია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ნაგებობა მაღალი და მოხდენილია, პროპორციები – დახვეწილი. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია საფეხურებიანი პილასტრებით, რ-ებზედაც დაყრდნობილია კედლების მიმდებარე ყრუ თაღები და კამარის საბჯენი თაღები. ეკლესიას 3 შესასვლელი აქვს, რ-თაგან მთავარია დასავლეთისა.
ძეგლის დეტალური არქიტ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ნიშნები, რ-ებიც მიუთითებს მის ორგ. კავშირზე შუა საუკ. ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებასთან. დ . ე. საქართველოსა და დაღესტანს შორის ისტ. და კულტ. ურთიერთობის დამადასტურებელი ერთადერთი ძეგლი როდია. ავარიის ტერიტორიაზე მრავალი ქრისტ. ძეგლია, რ-ებზედაც ამოკვეთილია ქართული ან ქართ. ასოებით შესრულებული ორენოვანი წარწერები.
ასევე აღმოჩენილია წარწერიანი ქვაჯვრებიც.
ლიტ.: Ш м е р л и н г Р. О., Церковь в с. Датуна в Дагестане, «მაცნე», 1968, №2.