დაირა

დაირა

დაირა, აღმოსავლური დასარტყამი საკრავი, ამიერკავკასიაში გავრცელებულია უძველესი დროიდან.

წარმოადგენს ხის ვიწრო რკალს, რ-საც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. საკრავის ასაჟღერებლად რკალის შიდა მხარეს ჩამოკიდებულია სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნები, პატარა რგოლები, მონეტები ან ბალთები.

დ-ის რკალის დიამეტრია 350–490 მმ, სიმაღლე – 40–60 მმ, სისქე – 8–9 მმ. დ. ხალხ. ცეკვებისა და სიმღერების თანმხლები რიტმული საკრავია. იყენებენ პროფ. საკრავიერ და ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლებშიც.

უჭირავთ ორი ხელით და უკრავენ თითებითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ხმოვანებისათვის დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დ. გვხვდება როგორც საისტ. ცნობებში, ისე მხატვრულ ლიტ-რაში, „დაფის" სახელწოდებითაც.