დემეტრა

დემეტრა (Dēmētēr), ბერძნული მითოლოგიით, ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთი, მოგვიანებით – კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას შვილი, ზევსის და, პერსეფონეს დედა.

დ-ს მთავარ საკულტო ცენტრად ქალაქი ელევსინი ითვლებოდა, სადაც სექტემბერში იმართებოდა ცხრადღიანი მისტერიები – დ-სა და პერსეფონესადმი მიძღვნილი დღესასწაულები. დ-ს უძველესი ტაძრები გამოვლენილია ბერძნ. სამყაროს მრავალ ადგილზე. უძველეს ხანაში დ-ს ანალოგიური ფუნქციების მქონე ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთის კულტის არსებობა საქართვ. ტერიტორიაზეც დასტურდება.

ელინისტურ ეპოქაში ახლო აღმოსავლეთში ბერძნ. კულტების ფართოდ გავრცელების შემდეგ, როგორც ჩანს, მან კოლხ. სამყაროშიც შემოაღწია და ფუნქციური სიახლოვის გამო, მოხდა დ-ს ასიმილაცია ადგილ. ნაყოფიერების ქალღმერთთან. ამგვარ შესაძლებლობას ადასტურებს ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი, პოსტამენტზე ამოკაწრული გრაფიტო, რ-შიც ქალღმერთი მოხსენიებულია ელევსინის დ-ს ეპიკლიზით – ანასას სახელით.

ვანის ნაქალაქარშივე გათხრილ დიდ სატაძრო კომპლექსში აღმოჩენილ საკურთხეველს დ-ს სამლოცველოში დადასტურებულ ე. წ. მიწის საკურთხეველთან ეძებნება ანალოგი. საკურთხეველთან აღმოჩენილ შესაწირავში განსაკუთრებით მრავლად დასტურდება დ-ს საკრალური ცხოველის – ღორის ძვლები. ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი ერთადერთი ტერაკოტა, რ-იც ზოგადად დ -ს წრის ქალღმერთად მოიაზრება, იმის საფუძველს იძლევა, რომ ელინისტურ ხანაში დ-ს გამოსახულება ბერძნ. იკონოგრაფიული მოდელის მიხედვით მზადდებოდა. წინარეელინისტურ ხანაში კი გამოსახულების დანიშნულებას, როგორც ჩანს, მისი სიმბოლო ასრულებდა. ეთნოგრ. მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ამ ქალღმერთის სიმბოლო სამი თითით დატანილ ანაბეჭდადაც მოიაზრებოდა. სვანური ლამარიას სიმბოლოდ, რ-იც რიტუალის მიხედვით, მიწის ნაყოფიერების წარმართული ქალღმერთის საფუძველზე ჩანს აღმოცენებული, სწორედ ამგვარი სიმბოლოა მიჩნეული.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ), თბ., 1941; ხ ი დ ა შ ე ლ ი  მ., ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში, თბ., 1942; The Oxford Classical Dictionary, Oxf.,1970.

ნ. მათიაშვილი