„დამოუკიდებელი საქართველო“ („La Géorgie Indépendante"), ყოველთვიური ქართულენოვანი გაზეთი, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებული ფრონტის ორგანო.
გამოდიოდა პარიზში 1926–39 (№1–159) წლებში. იბეჭდებოდა გაზეთის ფორმატზე 4 გვერდად (ზოგჯერ 8 გვერდადაც), 1928-იდან 1939-მდე კი (№25–159) გამოდიოდა 16-გვერდიანი ჟურნალის სახით.
გაზეთის რედაქტორები იყვნენ ცნობილი ქართვ. პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწეები: ი. გობეჩია, გ. ურატაძე და ს. ფირცხალავა. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ქართვ. და უცხოელი ავტორები: ნ. ჟორდანია, გ. გვაზავა, ი. გობეჩია, შ. ამირეჯიბი, ს. ფირცხალავა, ნ. რამიშვილი, ალ. ასათიანი, მიხ. წერეთელი, ი. კეჭაყმაძე, ნ. ჭუმბურიძე, ე. შტრაუსი, რ. მაკდონალდი, ე. ბერშტეინი, ა. რენბერგი და სხვ.
„დ. ს-ს" პროგრამა, მიზანი და მიმართულება ასახულია 1926 წლის №1-ში გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში – „დამოუკიდებლობისაკენ ". „მთლიანი ფრონტით დამოუკიდებლობისაკენ!" – ამ სამი სიტყვით ამოიწურება გაზეთის დანიშნულება და მიზანი. გაზეთში გამოქვეყნებული მასალები თემატურად შემდეგნაირად იყოფა: მოწინავე სტატიები, წერილები, საქართველოს საკითხის გარშემო, კავკასია, კორესპონდენციები, ქართველები უცხოეთში, საქართველოს ამბები, უცხოეთი, ბიბლიოგრაფია და სხვადასხვა. გაზეთს ჰქონდა მუდმივი რუბრიკები: „საქართველოს საკითხი უცხოეთში", „რუსთაველიანა", „ქართველები პარიზში" და სხვ.
„დ. ს-ში" ქვეყნდებოდა ისტ. დოკუმენტები, უნიკალური პუბლიკაციები და ფოტოილუსტრაციები. ქართ. ემიგრანტულ ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში ბევრი დაწერილა 1918 წლის 26 მაისზე, საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტ. დღეზე, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გაზ. „დ. ს-ს" 1927 №17-ის პუბლიკაცია, სადაც გამოქვეყნებულია ამ დღესთან დაკავშირებული უცნობი დეტალები.
„დ. ს-ში" 1933 წელს (№86– 92) გამოქვეყნებულია წერილების სერია „აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს", რ-შიც სკრუპულოზურობითა და პროფ. სიღრმით დახატულია XX ს. 20–30-იანი წლების აფხაზეთში შექმნილი სოც.-ეკონ. თუ კულტ.-პოლიტ. მდგომარეობის სურათი, ნაწინასწარმეტყველებია XX ს-ის ბოლოს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები.
„დ. ს-ს" ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს 20–30-იანი წლების საქართვ. ისტ., პუბლიცისტიკის, ქართ. სოც. და პოლიტ. აზრისა და ემიგრაციის ისტ. შესასწავლად.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 2, თბ., 2001.