დარბაზული სახლი

დარბაზული სახლი

დარბაზული სახლი, დ ა რ ბ ა ზ ი, ერდოიან-გვირგვინიანი საცხოვრებელი სახლი.

ჰქონდა ძელური გადახურვა და მიწური სახურავი. კედლებს ქვითა და ლამკირით აშენებდნენ. „დარბაზი", როგორც გლეხის საცხოვრებლის სახელწოდება, წერილობით წყაროებში პირველად XVIII ს-იდან გვხვდება. ეთნოგრ. ყოფაში დამოწმებულია ორნაირი დ. ს.: ე რ თ თ ვ ა ლ ი ა ნ ი (დიდი ზომის, წინ დერეფნით) – გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში; კ ო მ პ ლ ე ქ ს უ რ ი, „მოდარბაზული" კი – სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში, სადაც ყველა საცხოვრ. და სამეურნ. სათავსი (დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, სათონე, ბეღელი, მარანი და სხვ.) ჰორიზონტალურად იყო განლაგებული ერთ ჭერქვეშ.

ქსნის ხეობაში დ. ს-ის ტიპის საცხოვრებელს „ერთობის სახლი" ერქვა, ფშავში – „მოქცეული სახლი". დ. ს-ის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო. გვირგვინი ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათი იყო, რ-იც საშუქე და ბოლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. დ. ს-ის შუაში კერა იყო გამართული, მის თავზე კი – აყარი (მოგვიანებით, სამხრ. რ-ნებში კერა კედლის ბუხარმა შეცვალა).

ქართლ-კახეთში გავრცელებული დ. ს-ის შიდა სივრცის სტრუქტურა გეგმით სიღრმეში წაგრძელებული იყო (შუა კერა, 2, 3 ან 4-ჩუქურთმიანი ხის ბოძი, ზუსტად საცხოვრებლის შუა ნაწილში აღმართული გვირგვინი, კედლებში დატანებული წალოები, განჯინები, თაროები და ქილები); სამცხე-ჯავახეთის დ. ს-ის კი – გეგმით კვადრატული (8–12-მდე კედლისპირა ხისავე ბოძი, მთელ საცხოვრ. ფართობზე გადაჭიმული გვირგვინი და მდიდრულად მოჩუქურთმებული ბუხარი).

დ. ს-ის ინტერიერის ხუროთმოძღვრული მხატვრული თავისებურების მთავარი კომპონენტია შინაგანი სივრცის მდიდარი, პლასტ. სტრუქტურა, კოჭების (ნიყურების) პარალელური ან კუთხური წყობით ნაგები 4, 8, 12-კუთხიანი საფეხუროვანი გვირგვინი, ორიგინ. ბოძ-ბალავარი, მდიდრულად მოჩუქურთმებული დედაბოძი და ბალიში. ხალხ. გადმოცემით, ძველად დედაბოძად ცოცხალ, ფესვებიან ხეს იყენებდნენ. კონსტრ. თავისებურების გამო ამგვარი ერდოიან-გვირგვინიანი ნაგებობა კარგად უძლებდა სეისმურ მოვლენებს. საქართვ. გარდა დ. ს. ფართოდ იყო გავრცელებული სომხეთსა და აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ჩრდ.-აღმ. თურქეთში, ფერეიდანში (სპარსეთი) ავღანეთსა და ინდოეთში.

გვირგვინული გადახურვა (ხე, ქვა) გავრცელებული იყო ძვ. სამყაროში, კორეიდან მოკიდებული ეგეოსის ზღვის სანაპირომდე, მაგრამ ისეთი მრავალნაირი და მხატვრულად დამუშავებული გვირგვინი, როგორიც საქართველოში იყო, არსად ჰქონიათ. ვარაუდობენ, რომ გვირგვინი უნდა ჰქონოდა აგრეთვე ეგეოსურ (ძვ. ბერძნ.) ერდოიან, მიწურიან, დერეფნიან საცხოვრებელს – მეგარონს. გვირგვინული კონსტრ. უძველესი აღწერა მოცემულია რომაელი არქიტექტორის ვიტრუვიუსის ტრაქტატში „ათი წიგნი არქიტექტურაზე" (ძვ. წ. I ს.), იქ აღწერილი ოთხკუთხოვანი გვირგვინით გადახურული კოლხური სახლი დარბაზული საცხოვრებელი იყო.

საქართველოში დ. ს-ის უძველეს ტრადიციაზე მიუთითებს ურბნისის (ქვაცხელების) არქეოლ. გათხრების დროს აღმოჩენილი დარბაზული სახლი. უძველესი ფორმის ერდოიან ბანიანი მეგარონი, რ-საც ზოგიერთი მკვლევარი ხევსურულ საბერო დ. ს-ს უკავშირებს, ხოლო ფშავის სანაწვთებიან ტაძარ-ბეღელს (ძვ. წ. IV–III სს.) – მცირეაზიურ ანალოგიურ ძეგლებსა და ჩრდ. კავკ. მიწისზედა აკლდამებს (II–III სს.). დ. ს-ის უძველესი ფორმა უნდა იყოს შემორჩენილი სწორკუთხოვანი გეგმის დერეფნიან, ერთბოძიან, მიწურბანიან, ერდოიან სახლებში. ფეოდ. საქართველოში მის გავრცელებაზე მიუთითებს დ. ს-ის ნაშთების სიმრავლე ქართლის რ-ნებში, მარტივი სახის ქვის გვირგვინების გამოყენება მონუმ. ხუროთმოძღვრების ძეგლებში. დ. ს. იყო ხალხ. საფუძველი, საიდანაც განვითარდა ქართ. ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ  გ უ მ ბ ა თ ო ვ ა ნ ი ტაძრის სტრუქტურა. XIX ს. შუა წლებში დ. ს. ჯერ ბანიანბუხრიან-სარკმლიანი, შემდეგ კი – ორსართულიანი, სხვენიან-აივნიანფანჯრიანი სახლით შეიცვალა.

ლიტ .: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 – ფშავი, თბ., 1974; ჩ ი ტ ა ი ა  გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, ტ.1; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  თ., ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან, თბ., 1967; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი  გ., ქართლის დარბაზი, [ნაკვ.] 1–4, ტფ., 1926–27; С у м б а д з е Л. З., Грузинские дарбази, Тб., 1960; მ ი ს ი ვ ე, Дарбази, древнейший тип грузинского народного жилища и его место в истории архитектуры, Тб., 1964.

ლ. სუმბაძე