დართლო

სოფელი დართლო

დართლო, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს თემში (კახეთის მხარე), თუშეთში, პირიქითის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. დიდხევის (პირიქითის ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 2000 მ, ახმეტიდან 102 კმ. 9 მცხ. (2002).

სოფელში შემონახულია შუა საუკ. კოშკები. გარეგნულად ისინი ბევრად არ განსხვავდება თუშეთის სხვა სიმაგრეებისაგან, მათაც აქვთ სარკმლების ნაცვლად ვიწრო სამზერები, სათოფურები. ერთ-ერთი კოშკის ფასადში ჩაყოლებულია სამი განსხვავებული ფერის მოზრდილი ქვა. ისინი ერთ ჰორიზ. ზოლს ქმნიან ისე, რომ შუა ქვა კედლის ღერძს ემთხვევა, დანარჩენი ორი ნაპირებზეა.

ქვებზე გამოსახულია წრეებში ჩასმული კვადრები, ზოგს გარშემო სხივები აქვს შემოყოლებული. დ-ში სხვა ნაგებობებზეც არის მსგავსი გამოსახულებანი. წრე არის გამოსახული დ-ს განაპირას მდებარე აკლდამის დას. კედელზეც, როგორც ჩანს, მიცვალებულთა მზის სიმბოლოდ. ეს გამოსახულებანი, ცხადია, ასტრალურ შინაარს ატარებს და ქართველთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთანაა დაკავშირებული.

სოფლის სამხრ-ით დგას XIX ს. დარბაზული ეკლესია. ბოლო წლებში სოფელში გაიხსნა სასტუმროები ტურისტებისათვის.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ი., მთა-თუშეთის ციხე-ნაგებობათა ორნამენტები, «ძეგლის მეგობარი», 1966, № 7.