გლახაკები

გლახაკები, საზოგადოების ფენა ფეოდალურ საქართველოში.

ფეოდ. ურთიერთობის გამარჯვების შემდეგ თავისუფალ მწარმოებელთა ფენა თანდათანობით ქრებოდა. იგი გლეხთა ან აზნაურთა რიგში გადადიოდა. თავისუფალი პირი, რ-მაც დაკარგა მიწა და იძულებული გახდა სხვისი მიწა დაემუშავებინა, მუდამ იმის საფრთხეში იყო, რომ თანდათან დაკარგავდა პირად თავისუფლებასაც. ბევრი მათგანი საერთოდ გამოეთიშა ფეოდ. ურთიერთობას და მათხოვრობა დაიწყო.

ბატონყმური ურთიერთობის განმტკიცებას თან სდევდა გ-ის რაოდენობის ზრდაც. მათი რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრატ I-მა კურაპალატმა ჯერ კიდევ IX ს. ბოლოს დააწესა ე. წ. გლახაკთა ნაწილი – საგანგებო თანხა გ-ის დასახმარებლად. გარდა გლახაკთა ნაწილისა, გ-ის რჩენას ხმარდებოდა კერძო პირთა ქველმოქმედებით გაცემული თანხა. გ-სთვის სასარგებლო ქველმოქმედებას საქართველოს მეფეებიც არ გაურბოდნენ. მაგ., დავით აღმაშენებელმა საკუთარი სახსრებიდან მათთვის ოცდაოთხი ათასი დრაჰკანი გამოყო. გვიანდ. შუა საუკუნეებში დასუსტებული ცენტრ. ხელისუფლება გ-ზე ვეღარ ზრუნავდა.

წყარო.: ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; გიორგი მერჩულე, ცხორებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V–XII სს.), თბ., 1976; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

მ. ბერძნიშვილი