დემოთი, ისტორიული ციხესიმაგრე სამცხეში, სოფ. ქვაბისხევთან (ბორჯომიდან დაახლ. 20 კმ), ფერსათის მთის ძირას, ციცაბო კლდეზე.
წყაროებში დამოწმებულ ციხეთაგან ერთერთი უძველესია საქართვ. ტერიტორიაზე. დ. ქართ. წყაროებში („ქართლის ცხოვრება", ვახუშტი, „მესხური მატიანე") იხსენიება ზოგიერთ ისტ. მოვლენებთან დაკავშირებით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (1595) შეტანილია სოფ. დემოთი.
გადმოცემით დ-ის ციხე სომეხი სარდლის სუმბატ ბივრიტიანის აშენებულად ითვლება (ძვ. წ. II–I სს.). დ-ის ზუსტი მდებარეობა არც ქართ. წყაროებსა და არც თურქ. დავთარში მითითებული არ არის. ციხის ნანგრევი (მდებარეობა შეესაბამება ქართ. წყაროებისა და ზემოხსენებული დავთრის ჩვენებას) 1948 აღმოაჩინა ნ. ბერძენიშვილმა.
დ. მდებარეობს სამცხიდან იმერეთისკენ მიმავალ გზაზე (ქვაბისხევი – დემოთი – ლომის მთა – მარელისი – ვახანი). ქართლის ცხოვრების (XIII ს.) ერთ ეპიზოდში დ. იხსენიება ამ გზის ერთ-ერთ პუნქტად. ქართ. წყაროების მიხედვით, იგი XVI ს-შიც ფუნქციონირებს, შემდგომ კი აღარ იხსენიება. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" ციხის ნაცვლად მარტოოდენ პუნქტის მოხსენიება შეიძლება იმით აიხსნას, რომ სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ბატონობის დამყარების შემდგომ დ-ის ციხემ თავისი ფუნქცია დაკარგა. ამჟამად შემორჩენილია ციხის ნანგრევი, რ-საც წარსულში სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა და სამცხიდან იმერეთში მიმავალ გზას დარაჯობდა. ქვაბისხევისა და ახლო მდებარე სოფლების ახლანდ. მოსახლეები დ-ს „ზემოთს" უწოდებენ (ალბათ, ციხის მაღლივი მდებარეობის გამო).
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955– 59; ტ. 4, თბ., 1973; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964.
დ. აბაშიძე