დეპო

დეპო, (ფრანგ. dépôt, სიტყვასიტყვით – საწყობი, საცავი), საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი შედგენილობის (ლოკომოტივების, ვაგონების, რკინიგზისა და მეტროპოლიტენის მოტორვაგონიანი სექციების, ტრამვაების, ტროლეიბუსების და სხვ.) ექსპლუატაციასა და რემონტს.

მოძრავი შედგენილობის ტიპის მიხედვით დ. შეიძლება იყოს: სპეციალიზებული (სალოკომოტივო, სავაგონო, მოტორსავაგონო და სხვ.) და შერეული – ერთდროულად სხვადასხვა სახის მოძრავი შედგენილობისათვის. სალოკომოტივოდ-ს დანიშნულებაა ლოკომოტივების (ელმავლები, თბომავლები, აირტურბომავლები და სხვ.) ტექ. და პროფილაქტ. დათვალიერება, მათი პერიოდული, აწევითი რემონტი და შემდგომი ექსპლუატაცია.

სალოკომოტივო დ-ს სარემონტო საამქროები, როგორც წესი, განთავსებულია ერთსართულიან შენობაში, სადაც გამოყოფილია ლოკომოტივების სადგომი ნაწილი. სალოკომოტივო დ. არის ორი სახის: ძირითადი და საბრუნი. ძირითად სალოკომოტივო დ-ს აქვს სალოკომოტივო პარკი, საწარმოო შენობა, აღჭურვილი ტექ. დათვალიერების, ყველა სახის შეკეთების და ეკიპირებისათვის აუცილებელი სადგომებით და შესაბამისი ტექ. მოწყობილობებით. საბრუნი დ. წარმოადგენს ლოკომოტივების მოსაბრუნებელ პუნქტს, რ-იც განკუთვნილია ლოკომოტივების მოსამზადებლად უკუმიმართულებით მოძრავი მატარებლების მომსახურებისათვის. სავაგონოდ. ემსახურება სამგზავრო და სატვირთო (მ. შ. ცისტერნების, იზოთერმული, რეფრიჟერატორიანი) ვაგონების მიმდინარე და სადეპოო რემონტს. სავაგონო დ-ები სამმალიანი ერთსართულიანი შენობებია, რ-თა ორ სექციაში განთავსებულია ხიდური ამწეებით აღჭურვილი მიმდინარე და სადეპოო სარემონტო საამქროები.

მოტორსავაგონოდ. უზრუნველყოფს მოტორვაგონიანი (თვითმავალი) შედგენილობის რემონტს, მომსახურებას და ექსპლუატაციას. მოტორსავაგონო დ-ში არის ვაგონების სადგომებით და შესაბამისი სახელოსნოებით აღჭურვილი საამქროები და სამოსამსახურო-საყოფაცხოვრებო შენობები. მეტროპოლიტენის ელექტრული მოძრავი შედგენილობის მომსახურებისათვის მის ყველა ძირითად ხაზზე აშენებულია ელექტროდეპოები. მეტროპოლიტენის დ-ში ლიანდაგები გამოყენებულია მოძრავი შედგენილობის სადგომად და ყველა სახის რემონტის, აგრეთვე მათი ტექ. დათვალიერებისა და სხვა ოპერაციების ჩასატარებლად. ტრამვაისა და ტროლეიბუსების დ-ებში ხდება მოძრავი ერთეულების (ტრამვაი, ტროლეიბუსი) ტექ. დათვალიერება, შეკეთება, ექსპლუატაცია და შენახვა. მათ აქვთ დიდი სადგომი პარკები, დასათვალიერებელი თხრილებითა და სათანადო სახელოსნოებით აღჭურვილი საამქროები.

სახანძრო დ-ები ახორციელებენ სახანძრო მანქანების პარკის მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას. ყოველ დ-ს ნორმალური ფუნქციონირებისათვის გააჩნია თავისი ინფრასტრუქტურა. საქართველოში რკინიგზის მომსახურებისათვის საჭირო პირველი ნაგებობები გაჩნდა XIX ს. II ნახ-ში მისი ექსპლუატაციის დაწყებასთან დაკავშირებით. პირველი საორთქლმავლო დ. სამტრედიაში დაარსდა 1872, რაც ფოთი– თბილისის სარკინიგზო ხაზის გახსნამ განაპირობა. შემდგომში საორთქლმავლო დ-ები აშენდა თბილისში, ხაშურში, შორაპანსა და ბათუმში. XX ს. 30-იანი წლებიდან ორთქლმავლები შეიცვალა ელმავლებით.

საბჭ. კავშირში ერთ-ერთი პირველი საელმავლო დ. ხაშურში აიგო 1932, რაც ხაშური–ზესტაფონის უბანზე მაგისტრალური ელექტროფიცირებული ხაზის (სსრკ-ში პირველი) გახსნასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით სალოკომოტივო დ-ები გაიხსნა სხვა ქალაქებშიც. ამჟამად საქართვ. რკინიგზას ემსახურება 8 სალოკომოტივო დ.: თბილისის, თბილის-მახარისხებლის, ქუთაისის, სამტრედიის, ბათუმის, სოხუმის, ხაშურისა და გურჯაანის (2010). საქართვ. რკინიგზას ექვემდებარება სხვადასხვა ტიპის ვაგონების შეკეთებაზე სპეციალიზებული 4 სავაგონო დ.: ბათუმის (1886), ხაშურის (1934), სამტრედიის (1934) და თბილისის (1964). აქედან პირველი ძირითადად სპეციალიზებულია ნავთობსაზიდი ცისტერნების, შემდეგი ორი – ხორბალმზიდი, დახურული და ნახევრადღია პლატფორმიანი ვაგონების, ხოლო ბოლო – სამგზავრო და რეფრიჟერატორული ვაგონების შეკეთებაზე. 1904 თბილისში გაიხსნა ტრამვაის, ხოლო 1937 – ტროლეიბუსების დ-ები.

2006 წლის ბოლოს თბილისში არსებული ტრამვაისა და ტროლეიბუსების დ-ები ქალაქის მერიის დადგენილებით დაიხურა. ასევე გაუქმდა საქართვ. სხვა ქალაქებში (გორში, რუსთავში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, საჩხერეში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და სხვ.) არსებული ტროლეიბუსების დ-ები.

თბილ. მეტროპოლიტენს აქვს ორი დ.: „ნაძალადევი" (1965) და „გლდანი" (1985). პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე – ვარკეთილ–ახმეტელის ხაზს. პირველი სახანძრო დ. დაარსდა თბილისში 1825. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით არის 104 სახანძრო დ., მათგან 18 – დედაქალაქში (2010 წ.).

ჯ. სანიკიძე