დერტავის დედათა მონასტერი

დერტავის დედათა მონასტერი, იერუსალიმში არსებული დედათა სავანე.

უცნობია ამ მონასტრის ზუსტი მდებარეობა და დაარსების დრო. მონასტრის შესახებ რამდენიმე საინტერესო ცნობას მიაკვლიეს იერუსალიმში. ბერძნ. მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული ქართ. ხელნაწერების კოლექციის №65 ნუსხაში არსებობს XIII ს. მონასტერში მოღვაწე ქართვ. მონაზვნის, დუდა აბაზაისძე ტბელის ასულის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ მონასტერი იერუსალიმში მდებარეობდა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე იყო აშენებული.

დერტაველი მონაზვნები მნიშვნელოვან ლიტ. საქმიანობას ეწეოდნენ, ისინი დაინტერესებული იყვნენ ლიტერატურული ძეგლების გადაწერით, იმავე დროს უკვეთავდნენ და იძენდნენ ხელნაწერებს. ჩვენამდე მოღწეულია მონაზონთა დაკვეთით გადაწერილი სას. კრებული (XIII ს., გადამწერი ბასილი მჩხრეკელი), რ-საც აქვს საინტერესო ანდერძ-მინაწერი (დაცულია იერუსალიმში).

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბ., 1957; ც ე რ ა ძ ე  თ., ახალი მონაცემები იერუსალიმის ქართული სამონასტრო კოლონიის შესახებ, «Academia», 5, 2003.

ე. მამისთვალიშვილი