დესპანი

დესპანი, ერთი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი მეორე სახელმწიფოში.

ვენის 1961 კონვენციით დიპლ. ურთიერთობათა შესახებ, რ-ითაც დაწესებულია დიპლ. წარმომადგენელთა კლასები, დ. II კლასის დიპლ. წარმომადგენელია (დ-ის კლასს მიეკუთვნება ინტერნუნციუსი – ვატიკანის II კლასის დიპლ. წარმომადგენელი). დ. აკრედიტებულია სახელმწიფოს მეთაურთან (გზავნის სახელმწ. მეთაური უცხო სახელმწ. მეთაურთან). დ-ის რანგი, ისევე როგორც სხვა დიპლ. რანგები (წოდებანი, რ-ებიც ენიჭებათ დიპლ. თანამდებობის პირებს), განისაზღვრება შინასახელმწიფოებრივი სამართლით.

საქართვ. 2007 წ. 7 დეკ. კანონით „დიპლომატიური სამსახურის შესახებ", დ-ს ეწოდება „საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი". დ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად წარმოადგენს უმაღლეს დიპლ. რანგს საქართვ. დიპლ. სამსახურში. დ-ის რანგს საქართვ. მოქალაქეებს ანიჭებს საქართვ. პრეზიდენტი (ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლო განაჩენით). მუდმივი დიპლ. წარმომადგენლობის ინ-ტის ჩამოყალიბებამდე ტერმ. „დ." აღნიშნავდა სხვა ქვეყანაში სპეც. მისიით, რაიმე გარკვეული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალების შესასრულებლად (დიპლ. მოლაპარაკების, ხელშეკრულების დადების მიზნით) წარგზავნილ საგანგებო პირს.

ძველად საქართველოში დ-ის მნიშვნელობით იხმარებოდა აგრეთვე ტერმინები „ელჩი" და „მოციქული". ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, დ. („დიასპანი") „ელჩია თუ რაღაც გასაგზავნელი კაცი", „მსგავსი მოციქულისა", „მეფისაგან მეფესთან მიგზავნილი მოციქულად საქმესა რასმე ზედა". ხანგრძლივად, დიდი ხნით წარგზავნილ დ-ს ომირა – „დიდი დესპანი" – ერქვა („ომირა არს დესპანი ხანგრძლივად მყოფი").

ომირა დროებითიდან მუდმივ საწყისებზე გარდამავალ დიპლ. წარმომადგენლად ივარაუდება. დ. სხვადასხვა წყაროში იხსენიება, მაგ., ოშკის ბიბლიაში (გადაწერილია 978), ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" (XI ს.), გეორგიევსკის ტრაქტატში (1783), დ. გურამიშვილის „დავითიანში" (XVIII ს.) და სხვ. „შუშანიკის წამებაში" (V ს.) ნახსენებია სადიასპანო ცხენი („წარმოჰმართა სადიასპანოითა ცხენითა მონაი თვისი"). დ-ს დანიშნულებისამებრ „წასაყენებელნი აზრი-მოხსენებანი" როგორც სიტყვიერად, ისე წერილობითაც მიეცემოდა. დავით ბატონიშვილის საკოდიფიკაციო პროექტით (შედგენილია XVIII–XIX სს. მიჯნაზე), მეფის დ-ის „ნებსით" გამძარცველისა და მკვლელისათვის გათვალისწინებულია ჩამოხრჩობა („თჳნიერ ყოვლისა შეწყალებისა მოეკიდოს ძელსა"). ასეთი სასჯელი პროექტში დასაბუთებულია იმით, რომ დ. „სახე არს წარმომგზავნელისა თვისისა და ...ჯერ არს მეზობელთა პატივის-ცემაი მეზობელთაგან". დ-ად წარგზავნილი კაცი კი „მცბიერობით" მოქცევისათვის „მსგავსად ორგულთა" დაისჯებოდა.

წყარო და ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე  ი., ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბ., 1973; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., ზოგიერთი ქართული დიპლომატიური ტერმინის შესახებ (მოციქული, დესპანი, ელჩი), წგ-ში: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 2, თბ., 1995; ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი  ს.-ს., თხზ. ოთხ ტომად, ტ. 4, ნაკვ. 1–2, თბ., 1965–66; სამართალი ბატონისშვილის დავითისა, დ. ფურცელაძის გამოც., თბ., 1964; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ი. ფუტკარაძე