დეფექტოლოგია

დეფექტოლოგია, (ლათ. defectus – ნაკლი და logos – სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება, რ-იც შეისწავლიდა ფიზიკური და ფსიქიკური ნაკლის მქონე ბავშვთა განვითარების კანონზომიერებებს, მათი სწავლებისა და აღზრდის საკითხებს, დეფექტის კომპენსაციისა და კორექციის პრობლემებს.

დ. მოიცავდა ოლიგოფრენოპედაგოგიკას, სურდოპედაგოგიკას, ტიფლოპედაგოგიკას, ლოგოპედიას, ოლიგოფრენოფსიქოლოგიას, სურდოფსიქოლოგიას, ტიფლოფსიქოლოგიას. დ. ამუშავებდა აგრეთვე რთული დეფექტის მქონე ბავშვთა (უსინათლო, ყრუ-მუნჯი, გონებრივად ჩამორჩენილი – ყრუ, გონებრივად ჩამორჩენილი – უსინათლო და ა.შ.) სწავლებისა და აღზრდის საკითხებს. მის კომპეტენციაში შედიოდა სურდოტექნიკური და ტიფლოფსიქოლოგიური საკითხების დამუშავება, მხედველობისა და სმენის დეფექტების მქონე მოზრდილთა ზოგად განათლებასა და პროფ. მომზადებაზე ზრუნვა.

დ. შეისწავლიდა ფსიქ. განვითარებაშეზღუდულ ბავშვთა სწავლებისა და მეორეული დეფექტების კორექციის საკითხებს. ტერმინი დეფექტი – დეფექტოლოგია მხოლოდ საბჭოთა კავშირში იხმარებოდა, უცხოეთში იყენებდნენ ტერმინს – უნარშეზღუდვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დეფექტის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი უნარშეზღუდვა და, შესაბამისად, უნარშეზღუდული ბავშვი. დეფექტოლოგია, როგორც მეცნიერება, დაიშალა ორ ნაწილად: სპეციალურ ფსიქოლოგიად და სპეციალურ პედაგოგიკად. პირველი სწავლობს უნარშეზღუდულ ბავშვთა ფსიქ. განვითარებას, ხოლო მეორე – მათი სწავლების შესაძლებლობებს.

მ. ყოლბაია