დვანაძე გიორგი სვიმონის ძე (1829, სოფ. ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 1886, ხარკოვის მახლობლად), მსახიობი, გიორგი ერისთავის დასის ერთ-ერთი პირველი წევრი.
სწავლობდა გორის სამაზრო სასწავლებელში. თეატრის დაშლის (1856) შემდეგ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მოჰკიდა ხელი. პარალელურად მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში.
ცილისწამების შედეგად (დააბრალეს კაცის მოკვლა) 10 წლით კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. 1886 შეიწყალეს და გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში ვეღარ ჩამოაღწია. გ. ერისთავის თეატრში დ-მ შეასრულა როლები: დავით სერაშიძე, აზნაური გვერდელაძე (ზ. ანტონოვის „მინდა კნეინა გავხდე" და „ქმარი ხუთი ცოლისა"), მარტირუზა, ხარაზი ასანა (გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი" და „თილისმის ხანი").
ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობას, ჟურნ. „ცისკარში" ბეჭდავდა ლექსებს, ითვლებოდა პოპულ. ხალხურ პოეტად (მის ლექსებზე სიმღერებს ქმნიდნენ), წერდა პიესებს; დ-ის პიესა „სახლი კუკიაში" დაიდგა 1852–53, პოემა „ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი" გამოიცა 1878. საინტერესოა დ-ის მიერ ციხეში ლექსად დაწერილი ავტობიოგრაფია „სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება", რ-იც საინტერესო ფაქტობრივ მასალას შეიცავს.