დვირი, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და მის მარჯვ. შენაკად დვირულის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი). რკინიგზის სადგური. ზ. დ. 880 მ, ბორჯომიდან 15 კმ. 937 მცხ (2002).
დ. ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (1595). აქ თავს იყრიდა რამდენიმე ისტ. გზა. ამიტომ შუა საუკუნეებში ამ პუნქტის დასაცავად აუგიათ ციხე. იგი მდებარეობს სოფლის მახლობლად, მის სამხრ.-დას-ით, მთის ფერდობზე.
ძირითადად იცავდა ისტ. თორიდან მომავალ გზას. ეს იყო ადგილ. კლდის ქვით ნაშენი რთული გეგმის ნაგებობა. ჩანს რამდენიმე გადაკეთების კვალი. I სამშ. ფენა XIII–XIV სს. მიეკუთვნება.
სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს IX–X სს. მიქელ მთავარანგელოზის ეკლესია; X ს. კვირაცხოვლის ეკლესია; IX ს. საკვირიკეს (წმ. კვირიკეს) ბაზილიკა; გორათის წმ. გიორგის ნაეკლესიარი. სოფ. დ-ის ტერიტორიას ეკუთვნის ნასოფლარი საკვირიკე.
დ. ბერძენიშვილი
პ. ზაქარაია