დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

center|700px
ხორნაბუჯის ციხე (ადრინდელი შუა საუკუნეები).
წმინდა ელიას სამლოცველო (ნამონასტრალი). ადრინდელი შუა საუკუნეები.
ოზაანის ამაღლება. კანკელის ფრაგმენტი. X–XII სს. მიჯნა.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი. სოფელი მირზაანი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ივრის ზეგანზე. დას-ით და ჩრდ-ით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმ-ით და სამხრ-ით – აზერბაიჯანი. ფართ. 2529,2 კმ² . მოსახლ. 30,8 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. დედოფლისწყარო.

მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 15 სოფელი, 11 თემი: არბოშიკის, არხილოსკალოს, გამარჯვების, ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, ოზაანის, საბათლოს, სამთაწყაროს, სამრეკლოს, ქვემო ქედის, ხორნაბუჯის.

ისტორიული ცნობა. უძველესი დროიდან დღევანდელი დ. მ-ის ტერიტ. შედიოდა საქართვ. ერთ-ერთი ისტ. პროვინციის – კამბეჩოვანის შემადგენლობაში. ის თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ქართ. სახელმწიფოებრიობის ისტორიას და ხან ჰერეთის და ხანაც კახეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილს შეადგენდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ დ. მ-ის ტერიტ. თბილ. გუბ. სიღნაღის მაზრაში მოექცა. ყარაღაჯ-დედოფლისწყაროს მიმართულებას („ლეკეთის საკორდონე ხაზს") იმ პერიოდში დიდი სამხ.-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დაღესტან-ლეკეთისა და ჭარ-ბელაქნის მხრიდან შემოსეულ მოთარეშე-მარბიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დედოფლისწყაროში მუდმივად იდგა მეფის რუს. ჯარის ნაწილები. სამხ. სამსახურის ვადის გასვლის შემდეგაც ოფიცერთა და ჯარისკაცთა უმეტესი ნაწილი აქ რჩებოდა მუდმივ საცხოვრებლად.

1889 მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართვ. მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია და მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რ-ის ძალისხმევითაც აღმ. საქართვ. მთიანეთის მოსახლ. ჯერ კიდევ 1917 ოქტ. რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო.

XX ს-ის დასაწყისში ნიკოლოზ II-მ შირაქის ველის აღმ. ნაწილში ჩამოასახლა ზაპოროჟიელი ურჩი კაზაკები, რ-ებმაც ახ. დასახლებას სეჩენოვკა უწოდეს. 1921 შემდეგ აქ ჩამოსახლდნენ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მაცხოვრებლები. ამ სოფელს შემდეგ რევოლუციონერ ა. ჯაფარიძის სახელი ეწოდა. 1918 მუსავატელებმა აზერბ. რესპუბლიკაში 36 სოფლის სომხ. მოსახლ. აყარეს და ბედის ანაბარა დატოვეს. ლტოლვილ სომეხთა ნაწილი 1922 მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს ჩამოსახლდა და სოფელს თავიანთი მშობლიური სოფლის სახელი, საბათლო უწოდეს, ხოლო შემდეგ წითელი საბათლო დაარქვეს. 1924-იდან ზოგიერთი მირზაანელი გლეხი მუდმივ საცხოვრებლად სახლდებოდა ამავე სოფლის უზუნდარის მთის კალთებზე. სოფელი თანდათანობით იზრდებოდა და დაერქვა სახელი უზუნდარა (დღევანდელი სოფ. გამარჯვება). 1921 საქ. სსრ ადმ.-ტერ. დაყოფით ახლანდ. დ. მ-ის ტერიტ. სიღნაღის მაზრას მიეკუთვნა, 1929 – კახეთის ოლქს, 1930–37 – სიღნაღის რაიონს. 1938 ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1963–64 ისევ სიღნაღის რაიონთან გააერთიანეს, 1965-იდან კი კვლავ ცალკე რაიონად გამოიყო. 2005-იდან რაიონს მუნიციპალიტეტი ეწოდა.

ბუნება. მუნიციპალიტეტის ტერიტ. გაშლილია ძირითადად ივრის ზეგანზე, უჭირავს აგრეთვე გომბორის ქედის მცირე მონაკვეთი და ალაზნის ხეობის უკიდურესი სამხრ.-აღმ. ნაწილი. ივრის ზეგანი ნეოგენური და მეოთხეული ნალექებითაა აგებული, შედგება მონოკლინური და ანტიკლინური მაღლობებისა და სინკლინური ვაკეფსკერიანი ტაფობებისაგან. ამავე დროს ტექტოგენურ რელიეფზე განვითარებულია ეროზიული ხეობები, ხრამები, მდინარეული ტერასები, ბედლენდები, ფსევდოკარსტები. ტალახის ვულკანები და სხვ. მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრ. ერთეულებია: შირაქის ვაკე, პატარა შირაქის ტაფობი, ტარიბანა, პატარა ტარიბანა, ჭაჭუნის ვაკე, ნაგომრებისთავის, ნაზარლების, ყალადარის, ჩობანდაღის, ზილჩის სერები; მთები – ზილჩა, უზუნდარა, ქვაბები, ბილენთა, ორი ძმა, ნიკორაციხე და სხვ. შირაქის ვაკე აღმ-ით უერთდება კასრისწყლის ტაფობს, რ-იც აღმ-ით ჯეირანთველის ეროზიულ ტაფობში გადადის. მუნიციპალიტეტის უკიდურეს სამხრ.-აღმ. ნაწილშია მეოთხეული ნალექებით აგებული ელდარის დაბლობი, მისი უკიდურესი სამხრ.- აღმ. ნაწილი ცნობილია ბუღამოედნის სახელწოდებით.

მნიშვნელოვანი წიაღისეულია ნავთობი (პატარა შირაქის, მირზაანის, ტარიბანის საბადოები) და კირქვა (დედოფლისწყაროს საბადო). მუნიციპალიტეტის ტერიტ. ზომიერად ნოტიო სუბტროპ. ჰავის ოლქში მდებარეობს. ჭარბობს ძირითადად ორი ტიპის ჰავა. სამხრეთით – ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპისა; ჩრდ. ზოლში – ზომიერად ნოტიო. იცის ზომიერად ცივი ზამთარი, ზაფხული – ხანგრძლივად თბილი. საშ. წლ. ტემპ-რა 10–10,3°C-მდეა, ივლ. 22–22,6°C, იანვ. –1,5, –2,3°C; აბსოლ. მინ. –32°C, აბსოლ. მაქს. 38°C. ნალექები 500–600 მმ წელიწადში. მცირე ნალექი მოდის ელდარის დაბლობზე (250–300 მმ). ნალექების მაქს. მაისსა და ივნ. დასაწყისშია, მინ. – ზამთარსა და ზაფხულში. მუნიციპალიტეტი ღარიბია შიგა წყლებით. აღმ. საზღვართან ჩამოუდის მდ. ალაზანი, დას. ნაწილს კვეთს მდ. იორი. ტერიტ. უდიდესი ნაწილი მოკლებულია მუდმივ მდინარეებს. პერიოდული მდინარეებია: მლაშეწყალი, ლეკისწყალი, ყუმურისხევი, პანტიშარისხევი, მწარე ოლე და სხვ. არის ტბები (ქოჩები, პატარა ტბა) და წყალსაცავი (დალისმთის), მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. მდინარეები გამოყენებულია სარწყავად.

ნიადაგი საკმაოდ მრავალფეროვანია. ელდარის დაბლობსა და მის მიმდებარე სამხრ. ზონაში ღია მურა ნიადაგია, არიდული ნათელი ტყის ზონაში – ტყის ყავისფერი. ვრცელი ფართობი უჭირავს წაბლა ნიადაგს დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების კომპლექსით. ტერიტ. დიდი ნაწილი უკავია მცირე და საშ. სისქის შავმიწებს. ივრის პირას ალუვიური კარბონატული ნიადაგია, ქალაქის მახლობლად კი – კორდიან-კარბონატული. მცენარეულობის ძირითად ფონს დაბლობზე ქმნის ნახევარუდაბნოს ბუჩქნარი. ივრის ზეგნის სამხრ. ნაწილში შემორჩენილია არიდული მეჩხერი ტყე (საკმლის ხე, აკაკი, ღვია, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენა, თელა, ელდარის ფიჭვი), მუნიციპალიტეტის ბალახსაფარს ქმნის ნახევარუდაბნოს ან სტეპებისათვის დამახასიათებელი ელემენტები. ბუჩქებიდან გავრცელებულია ძეძვი, გრაკლა, შავჯაგა, თრიმლი, ჩიტავაშლა, კოწახური, ღვიის რამდენიმე სახეობა.

ვაშლოვნის ნაკრძალში არიდული ნათელი ტყეა. მუნიციპალიტეტის ვაკე-ტაფობებში არის უროიანი და ვაციწვერიანი სტეპის მცენარეები. ტაფობების კალთებზე გვხვდება გლერძი, ჭარელა, სტეპის წივანა, კუტი ბალახი, მუზარადა და სხვ. გომბორის ქედის კალთებზე მუხნარი და რცხილნარია, ივრისპირეთში – ტუგაის (ჭალის) ტყე. ცხოველთაგან გვხვდება მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა, ფართოდაა გავრცელებული მღრღნელები: მემინდვრია, მექვიშია, ტყის თაგვი; ფრინველთაგან – კაკაბი, მწყერი, გნოლი, ბევრია ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, ბეღურა, შაშვი, კვირიონი და სხვ. მდინარეებში იორსა და ალაზანში არის ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. ნახევარუდაბნო ვაკე-დაბლობი ღია მურა და დამლაშებული ნიადაგებით; 2. სტეპური წვრილმთიანეთი შავმიწა და წაბლა ნიადაგებით; 3. წვრილმთიანეთი და ხევ-ხრამებიან- ბედლენდებიანი მთისწინეთი არიდული ტყით, რუხი ყავისფერი ნიადაგით; 4. ვაკე-ტაფობი სტეპის ბალახმცენარეულობით, შავმიწა და წაბლა ნიადაგებით; 5. დაბალმთიანეთი და მთისწინეთი რცხილნარმუხნარით, ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიანებით, ტყის ყავისფერი ნიადაგებით; 6. ჭალები ტუგაის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგით; 7. ვაკე ჯაგეკლიანი სტეპით და ჰალოფილური მცენარეულობით შავმიწისებრი და დამლაშებული ნიადაგებით. მუნიციპალიტეტში არის ვაშლოვნის სახელმწ. ნაკრძალი და ჭაჭუნის აღკვეთილი.

მოსახლეობა. მოსახლ. 89% ქართველია, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 500–800 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 12,2 კაცი 1 კმ²-ზე. მოსახლ. 74,9% ცხოვრობს სოფლად.

მეურნეობა. მუნიციპალიტეტის როგორც მრეწვ., ისე სოფლის მეურნეობის დარგები ორიენტირებულია ადგილ. მინერ. და სას.-სამ. რესურსებზე. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მეცხოველეობა, მარცვლეულისა და მზესუმზირას წარმოება, მევენახეობა. ნათესი ფართობის 50%-ზე მეტი უჭირავს მარცვლოვან და პარკოსან კულტურებს. მნიშვნელოვან ფართობზეა გაშენებული ვენახისა და ხეხილის ნარგავები, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები. მეცხოველეობაში წამყვანია მესაქონლეობა. განვითარებულია მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა. მრეწვ. ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. დედოფლისწყაროში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასამუშავებელი, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები. მირზაანსა და პატარა შირაქში იღებენ ნავთობს. მოიპოვებენ კირქვას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილისი – კაჭრეთი – დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზი.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. დ. მ-ში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ბ-კები, საკლუბო დაწესებულებები. დედოფლისწყაროში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სოფ. მირზაანში – ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სამედ. დაწესებულება, მათ შორის ფუნქციონირებს შპს „ადითი".

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. სოფ. ოზაანის მახლობლად დგას ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი (IX ს.) და სამების ეკლესია (შუა საუკ.), დედოფლისწყაროს მახლობლად – ხორნაბუჯის ციხე (ადრინდ. შუა საუკ.), წმ. ელიას სამლოცველო (ნამონასტრალი), სოფ. სამრეკლოს მახლობლად ელიას მთაზე (VI–IX სს.) და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლ. გათხრები ჩატარდა (გოხების სამლოცველო, აკაკიანთხევის, მწარეწყლის, ფურცელწყლის სამაროვნები და სხვ.).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძის და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986.

ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები (უძველესი დროიდან XII ს. I მეოთხედამდე), თბ., 1976; მ ი ს ი ვ ე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–IX სს.), თბ., 1982.

დ. უკლება

ნ. დორეული

ც. ვაშაკიძე

თ. პაპუაშვილი