დიალექტიკა

დიალექტიკა, (ბერძნ. dialektikē – საუბრის ან კამათის წარმართვის ხელოვნება), ჰეგელისა და მარქსიზმისათვის ესაა მოძღვრება სინამდვილის ე. ი. ბუნების, საზოგადოების და აზროვნების განვითარების უზოგადესი კავშირებისა და კანონების შესახებ.

დ-ის მიხედვით საგანთა და მოვლენათა განვითარების შინაგანი წყაროა დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლა. თვით ტერმ. „დ." განვითარების (მოძრაობის, ცვალებადობის) სინონიმად არის მიჩნეული და კულტურის ისტორიაში სხვადასხვა აზრით იხმარება. დიალექტიკური აზროვნების ნიმუშები გვხვდება ჰერაკლიტესთან, პლატონთან, ნეოპლატონიკოსებთან, მათ შორის ქართ. ნეოპლატონიზმში (პეტრე იბერი, იოანე პეტრიწი). ხშირად დ-ის ცნებაში იგულისხმებოდა არისტოტელეს ლოგიკური მოძღვრება, რ-იც როგორც უშუალოდ, ისე გადამუშავებული სახით (იოანე დამასკელი და სხვ.) ქართ. სააზროვნო არეალში შემოდიოდა. დ-ის ელემენტები მოცემულია გ. წერეთლისა და სხვა ქართვ. სამოციანელთა ნაშრომებში.

საქართველოში დ-ის პრობლემებზე ფართოდ გაიშალა მუშაობა XX ს. 20-იანი წლების მეორე ნახევარში. ამის მიზეზი იყო არა ფილოსოფიური კულტურის მაშინდელი დონის მოთხოვნილება, არამედ შექმნილი სოციალ-პოლიტიკური ვითარება: 1921 რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი დაპყრობის შემდეგ აზრის გამოთქმის თავისუფლება თანდათან შეიზღუდა. გზა გაეხსნა მხოლოდ მარქსისტული ფილოსოფიის, ე. ი. დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის დასაცავად დაწერილ შრომებს. ქართველი ფილოსოფოსები, რომელთაგან მრავალს დასავლეთში ჰქონდა განათლება მიღებული და მაღალ შეფასებასაც იმსახურებდნენ (შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე, კ. მეგრელიძე, კ. ბაქრაძე და სხვ.), იძულებული გახდნენ შერიგებოდნენ ტოტალიტარულ წესრიგს და საკუთარი შეხედულებებისათვის მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომებში დაეძებნათ ციტატები. ხშირად მათი ჭეშმარიტი პოზიციის ამოკითხვა მხოლოდ ციტატებითა და სტრიქონებს შორის ნაგულისხმევი აზრით არის შესაძლებელი.

საქართველოში ფილოსოფიური კულტურის განვითარების ობიექტური შეფასებისათვის აუცილებელია ამ ვითარების გათვალისწინება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. წერეთელი, რომლის „დიალექტიკური ლოგიკა" (1965) შემეცნების პროცესის ავტონომიური კანონების დადგენის სერიოზული მცდელობა იყო, მაგრამ იმდენად, რამდენადაც აზროვნების კანონების ს. წერეთლისეული გაგება ვერ ეტეოდა ასახვის თეორიის ოფიციალურად დადგენილ ჩარჩოებში, მას იდეალისტობას აბრალებდნენ.

1928 მ. გოგიბერიძემ გამოაქვეყნა წიგნი „მატერიალიზმისა და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე", 1929 კ. ბაქრაძემ – „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში" და სხვ. დ., როგორც სინამდვილის შემეცნების მეთოდი და აზროვნების წესი, ქართულ ფილოს. ლიტ-რაში ყველაზე სრულქმნილად დაამუშავა ს. წერეთელმა. მეტაფიზიკურისაგან განსხვავებით, აზროვნების დიალექტ. წესი მოითხოვს სინამდვილის განხილვას ისე, როგორც თავისთავად არსებობს; დ. განვითარებას განიხილავს, როგორც რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივ ცვლილებებში ნახტომისებურად გადასვლას. თვისებრივი ცვალებადობა რევ. გარდაქმნებთან ერთად ევოლ. პროცესებსაც გულისხმობს, რაზეც მიუთითებს უარყოფის უარყოფის კანონი როგორც მოხსნა-შენახვის, განუწყვეტელი ცვალებადობისა და მემკვიდრეობითი მონაცემების შენარჩუნების კანონზომიერების გამოხატულება. ს. წერეთელი ემხრობა იმათ, ვისთვისაც დ-ის ნიშანთაგან უძირითადესია შინაგანი წინააღმდეგობა, როგორც განვითარების წყარო და მისი არსება. ამიტომ დიალექტ. განვითარება არის თვითგანვითარება. წინააღმდეგობის ხასიათის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება დადებითი და უარყოფითი დ. პირველ შემთხვევაში დაპირისპირებულნი არა მხოლოდ უარყოფენ, არამედ ავსებენ კიდეც ერთმანეთს. დადგენა ხდება უარყოფით, რასაც დაპირისპირებული მხარეების მოხსნით ახ. საფეხურზე ავყავართ. სინთეზი, როგორც თვისებრივი ნახტომი, არის მოხსნა-შენახვა, რაც უარყოფის უარყოფით ხორციელდება. დიალექტ. წინააღმდეგობის ეს ფორმა გამოყენებულია ს. წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკურ თეორიაში. ზოგიერთი ქართვ. მოაზროვნის თვალსაზრისით, ობიექტური დ-ის აზრობრივი ასახვა უკვე აღარ არის დიალექტიკური, ე. ი. იგი ემყარება არა დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის, არამედ ფორმალური ლოგიკის კანონებს. სხვათა, მ. შ. ს. წერეთლის, შეხედულებით დიალექტიკურია არა მხოლოდ ობიექტური სინამდვილე, არამედ მისი აზრობრივი ასახვაც. აქედან გამომდინარეობს შემეცნებისა და ლოგიკური აზროვნების დიალექტ. გაგება, სახელდობრ, დიალექტ. ლოგიკა როგორც აზროვნების წესი. ამავე საფუძველზე ჭეშმარიტება გაგებულია როგორც სუბიექტურისა და ობიექტურის, რელატიურისა და აბსოლუტურის, ზოგადისა და ერთეულის, კონკრეტულისა და აბსტრაქტულის დაპირისპირებული მომენტების ერთიანობა. დ-ის უნივერსალურობის მტკიცებიდან გამომდინარეობს აგრეთვე მისი ლოგიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობა, რაც ნიშნავს არა რომელიმე მათგანის გაუქმებას, არამედ ისეთი ახ. მეცნიერების შექმნის მოთხოვნას, რ-იც ერთსა და იმავე დროს არის ლოგიკაც, დ-ც და შემეცნების თეორიაც. ასეთი ახ. მეცნიერება იქნება შემეცნების თეორიის დიალექტიკური ლოგიკა. ქართველმა მკვლევრებმა დაამუშავეს აგრეთვე დ-ის კატეგორიების, როგორც შინაარსეული ლოგიკის პრობლემა, დიალექტ. მეთოდის სხვადასხვა ასპექტი, ასევე შეეცადნენ დაედგინათ მათი მეთოდოლ. ფუნქცია და პრაქტ. მნიშვნელობა.

დ-ის, როგორც სისტემის, ელემენტებს უწოდებენ დიალექტიკის კანონებსა და კატეგორიებს (კ. ბაქრაძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი). კანონი გამოხატავს კავშირის გარკვეულ ფორმას. იგი ობიექტური, ზოგადი, აუცილებელი, შინაგანი და არსებითი ხასიათისაა. დ-ის კატეგორიები არის დ-ის ელემენტების შინაარსის აზრითი რეპროდუქცია, ასახვა (კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, მ. გოგიბერიძე, მ. ბაკურია, გ. მაჩიტაძე, ბ. ურიდია, გ. ცინცაძე). დ-ის ბირთვი არის დაპირისპირებულთა ერთიანობა და  ბრძოლა. იგი არის განვითარების, მოძრაობა-ცვალებადობის წყარო. ამ კანონის შინაარსს ასახავენ იგივობის, განსხვავების, დაპირისპირების, წინააღმდეგობის, ერთიანობისა და „ბრძოლის" კატეგორიები. კანონი ორ ურთიერთსაპირისპირო ქვესისტემას შეიცავს: 1. საპირისპირო განსაზღვრულობათა ურთიერთგანპირობება, დადგენა („ერთიანობა"); 2. მათი ურთიერთგამორიცხვა, ურთიერთუარყოფა („ბრძოლა"), რაც ვლინდება წინააღმდეგობის განსხვავებული ფორმების მეშვეობით (კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, თ. მშვიდობაძე, გ. კალანდარიშვილი, ვ. გაგოიძე, ვ. კობახიძე, მ. ჭელიძე). დაპირისპირებულთა ერთიანობის კანონი ლოგიკური აზროვნების ძირითადი კანონიცაა. იგი არ უპირისპირდება წინააღმდეგობის შეუძლებლობის ფორმალურ ლოგიკურ კანონს (მ. ბაკურია, გ. ბაჩულაშვილი, ს. წერეთელი). ლოგიკურ წინააღმდეგობათა ერთიანობა შეუძლებელია. რეალურ დაპირისპირებულთა ერთიანობა აისახება ლოგიკურად არაწინააღმდეგობრივი სახით (კ. ბაქრაძე, ზ. კაკაბაძე) . განვითარების მექანიზმს გამოხატავს რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივში და პირუკუ გადასვლის კანონი.

განვითარების პროცესში განსაზღვრულობის რაოდენობრივი და თვისებრივი მხარეების ცვალებადობა და ურთიერთდეტერმინაცია იწვევს მათი ცალსახა კავშირის („ზომის") დარღვევას და ერთი ზომიდან ნახტომისებურ გადასვლას მეორეში. ასეთი ცვლილება სტრუქტურული ხასიათისაა. განვითარების ზეაღმავალ მიმართულებას – ძველსა და ახალს შორის მემკვიდრეობითობისა და შინაარსით გამდიდრების დამოკიდებულებას გამოხატავს უარყოფის უარყოფის კანონი.

დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის, რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივში და პირუკუ გადასვლისა და უარყოფის უარყოფის კანონები აუცილებელი და საკმარისია განვითარების, როგორც ახლის წარმოშობის პროცესის ასახსნელად, ამიტომ მათ განვითარების ძირითად კანონებს უწოდებენ (კ. ბაქრაძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი). დიალექტიკის ძირითადი კანონების გარდა, არსებობს სინამდვილის უზოგადესი კავშირებისა და ურთიერთგანპირობებულობის ფორმები, რ-ებიც კავშირის სპეციფ. სახეებია. მათ პოლარული დაპირისპირებულობის ხასიათი აქვთ. დ-ის ძირითადი და არაძირითადი კანონები აისახება კატეგორიების მეშვეობით.

კატეგორია არის უზოგადესი ცნება, რ-იც ასახავს სინამდვილის ობიექტური კანონზომიერების საკვანძო პუნქტს და აზროვნების ლოგიკური იარაღია. მათი ბუნება ზოგჯერ მოითხოვს საპირისპირო კატეგორიათა ურთიერთკავშირში განხილვას. მათ კორელატური კატეგორიები ეწოდებათ. მაგ., ზოგადი და ერთეული ასახავს სინამდვილის ერთგვაროვნობისა და მრავალსახეობის კანონზომიერებას. ზოგადი არის სიმრავლის, მრავალფეროვნების საერთო ნიშანი, ერთეული კი – განსაზღვრულობის განუმეორებელი ნიშანი (კ. ბაქრაძე, ვ. ერქომაიშვილი, გ. შუშანაშვილი); ზოგადი რისამე როგორობის წესს გამოხატავს და შინაარსეული ხასიათისაა (გ. ბაჩულაშვილი, ს. წერეთელი). მიზეზი და შედეგი ავლენს სინამდვილის გენეტიკური კავშირის ბუნებას, სადაც ერთი ვითარება განსაზღვრავს სხვა ვითარების წარმოშობასა და ფუნქციონირებას (ს. ავალიანი, გ. ვეკუა). აუცილებლობა და შემთხვევითობა გამოხატავს დეტერმინაციის დიალექტ. ბუნებას, რ-ის მიხედვით რაიმე მოვლენა ან საკუთარი შინაგანი ობიექტური კანონზომიერებითაა განსაზღვრული, ან წარმოიშობა განსხვავებულ კანონზომიერებათა გადაკვეთის წერტილში და აუცილებლობის გამოვლენის ფორმაა (კ. ბაქრაძე, ვ. ერქომაიშვილი). აუცილებელი საკუთარი კანონებითაა განსაზღვრული, თვითმიზეზის ბუნებისაა; ლოგიკურად აუცილებელია ის, რ-ის უარყოფა მასვე ემყარება და ამტკიცებს (ს. წერეთელი, გ. ბაჩულაშვილი), რომ შინაარსი არის რისამე ელემენტების კანონზომიერი კავშირი, ხოლო ფორმა – ამ კავშირის წესი (კ. ბაქრაძე, გ. მაჩიტაძე). ის, რაც სინამდვილის განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარეობს და გარკვეული პირობების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, არის შესაძლებელ ი, ხოლო განხორციელებულ შესაძლებლობას ნამდვილი ეწოდება. რისამე შინაგან კანონზომიერებათა ერთობლიობას არსება  უწოდებენ, ხოლო არსების განხორციელების სახეს – მოვლენას.

ქართვ. ფილოსოფოსები იკვლევდნენ აგრეთვე დ-ის კანონებისა და კატეგორიების ისტ.-ფილოს. განვითარების საკითხს, რ-ის შესახებ ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი ჰქონდათ ჰერაკლიტეს, პლატონს, არისტოტელეს, სპინოზას, კანტს, ფიხტეს, შელინგს, ჰეგელს, ნ. ჰარტმანს (მ. ბაკურია, კ. ბაქრაძე, თ. კუკავა, გ. მაჩიტაძე, ვ. მეიფარიანი, ს. წერეთელი, მ. ჭელიძე).

ლიტ.: ბ ა კ უ რ ი ა  მ., დიალექტიკის ძირითადი კანონები, თბ., 1982; ბ ა ქ რ ა ძ ე  კ., ლოგიკა, თბ., 1955; ბ ა ჩ უ ლ ა შ ვ ი ლ ი  გ., კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა, თბ., 1979; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე  მ., მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფ., 1928; წ ე რ ე თ ე ლ ი  ს., მეცნიერების კანონთა ბუნების შესახებ, თბ., 1955; მ ი ს ი ვ ე, დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1965.

ს. ავალიანი

მ. ბაკურია