დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება

ოქროს ჭურჭელი XVII ს. ჩხოროწყუ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი
დოქი გვიანანტიკური ხანა სამთავროს ველი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი
კრეტსაბმელი XVII ს. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი
წალენჯიხის მაცხოვრის ხატის მედალიონები ტიხრული მინანქარი XII ს. I ნახევარი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი
ხის სამფეხა სკამი XIX ს. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი
ღვთისმშობლის ხატი XVI ს. ახალი შუამთა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი
ბეჭდები ლალისა და ქარვის თვლებით (გრეხილი ბურთულებით). ვერცხლი მხატვარი მ. ქუთათელაძე

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, დეკორატიული ხელოვნების დარგი, რ-იც ქმნის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობებს: ჭურჭელს, ავეჯს, ქსოვილს, სამეურნეო თუ საომარ იარაღს, ტანსაცმლისა და ყველა სახის მორთულობას.

XIX ს. II ნახევრიდან მოხდა დ.-გ. ხ-ის ნაწარმის კლასიფიკაცია როგორც დანიშნულების, ისე მასალისა (ლითონი, კერამიკა, ხე) და შესრულების ტექ. (კვეთილობა, მოხატულობა, ჭედურობა, ნაქარგობა, ჩამოსხმა, ინტარსია, მინანქარი) მიხედვით. დ.-გ. ხ-ის ნაწარმი მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფა-ცხოვრებასთან, ამა თუ იმ ადგილ. ეთნ. და ეროვნ. თავისებურებებთან. იგი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ განწყობაზე, ამიტომაც მას უდიდესი ესთეტ. და აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭება.

დ.-გ. ხ. იქმნებოდა და არსებობდა ხალხის ცხოვრების წიაღში. ყოველი საჭირო ნივთი წმინდა პრაქტ. თვისებებთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო ესთეტიკურადაც სრულყოფილი, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანის მისწრაფება სილამაზისა და მშვენიერებისაკენ.

საქართველოშ  ოდითგანვე არსებობდა დ.-გ. ხ-ის მრავალი დარგი, რ-თა მხატვრული სახე საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა და ყალიბდებოდა. საქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლ. მასალებით დასტურდება მხატვრული ხელოსნობის ბრწყინვალე ნიმუშების არსებობა. საქართველოში ლითონის მხატვრული დამუშავება ხელოვნ. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენდა. ქართ. ლითონმქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის განვითარება ძვ. წ. III ათასწლეულიდან უნდა ვივარაუდოთ.

ლითონის მხატვრული დამუშავება ჭეშმარიტად ეროვნ. ხელოვნება იყო. საქართველომ უდიდესი როლი ითამაშა ამ დარგის განვითარებაში მთელ კავკასიაში. მსოფლიო ხელოვნ. შედევრებია: ალაზნის ერთ-ერთ გორასამარხში აღმოჩენილი ლომის მინიატიურული ოქროს ქანდაკება, თრიალეთის ოქროს თასი, ვერცხლის კათხა და სარწყული (ძვ. წ. II ათასწლეული). თრიალეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთების თავისებური ხასიათი, მხატვრული სტილი მჭიდროდ უკავშირდება წინა აზიის უძველეს ხელოვნებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანტ. ხანის ოქრომქანდაკებლობის ნიმუშებს [ყაზბეგი (ახლანდელი სტეფანწმინდა), ახალგორი, კლდეეთი, ურეკი, არმაზი, ვანი და სხვ.). ძვ. ქართვ. ოქრომჭედელთა ნახელავი (ყელსაბამები, საყურეები, დიადემები, გულსაკიდები, საზეიმო იარაღი) გამოირჩევა მაღალი ტექ. ოსტატობით, დახვეწილი ფერადოვნებით, თავისებური დეკორატიულობით.

სამკაულთა შესაქმნელად გამოყენებულია მრავალფეროვანი ტექ. ხერხები: ჩამოსხმა, რჩილვა, გავარსი, ფილიგრანი. პატიოსანი ქვების გამოყენება ოქროს სამკაულებს განსაკუთრებულ პოლიქრომიულობას ანიჭებს.

მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია საქართვ. ანტ. ტორევტიკის ძეგლები. ორიგინალურად დეკორირებული ვერცხლის ჭურჭელი (სტეფანწმინდა, ახალგორი, ვანი) დახვეწილი გემოვნებით, უზადო ტექნიკით გამოირჩევა. ქართ. ოქრომჭედლობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია გვიანანტ. ხანა (I–III სს.). ოქროს ნაირგვარი სამკაული, ვერცხლის მხატვრული ნაკეთობანი ძვ. ხელოვანთა მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს. არმაზისხევის, ბაგინეთის, ბორის, ზღუდრის, ერწოს (აღმ. საქართველო), ციხისძირის, სარგვეშის, თაგილონის, ურეკის, ხაიშის, კვაშხიეთის (დას. საქართველო) სამარხებში აღმოჩენილი ვერცხლის ნაკეთობანი (თასები, სურები, ლანგრები, ტახტისა და სარეცლის ფიგურული ფეხები) თავისი მხატვრული მნიშვნელობით ანტ. ხელოვნ. მნიშვნელოვანი საგანძურია.

ქართ. დ.-გ. ხ-ის მნიშვნელოვანი დარგია კერამიკა, რ-ის ნიმუშები შემონახულია უძველესი ეპოქიდან (ნეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა). დიდი და რთული განვითარების გზა განვლო ამ უძველესმა ხელოვნებამ – ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მრავალფეროვანი ფორმის შავად და ლეგად გამომწვარი ნაკეთობებიდან ძვ. წ. I ათასწლ. ჩარხზე დამზადებულ მოჭიქულ და წითლად გამომწვარ კერამ. ჭურჭლამდე. მრავალგვარია კერამ. ნაკეთობათა ფორმები, მათი ფერადოვნება, ორნამენტული შემკულობა (პლასტ., გრაფ., ფერწერული). ქართ. დ.-გ. ხ-ის მნიშვნელოვანი დარგია გლიპტიკა. ეს დარგი საქართველოში ვითარდებოდა გარე სამყაროსთან – აქემენიდთა ირანის, მესოპოტამიის, გვიანბაბილონურ, ანტ. გლიპტიკის ხელოვნებასთან კავშირში. ადგილ. სახელოსნოთა ნაკეთობანია ოქროს საბეჭდავები (სოფ. საძეგური, ახალგორის განძი), ვერცხლის ინტალიოები (ალგეთის სამარხი), ბრინჯაოს საბეჭდავები. ელინისტურ ეპოქას განეკუთვნება სარდიონზე ამოკვეთილი ინტალიო მამაკაცის (შესაძლოა, ადგილ. დიდებულის) პორტრეტით (კლდეეთი), ქალცედონის კამეა (სვანეთი) და სხვ. გვიანანტიკური გლიპტიკის უნიკალური ძეგლებია აღმოჩენილი არმაზისხევის პიტიახშთა სამაროვანში (I–III სს.), რომელთა შორის გამოირჩევა ასპარუგ ერისთავის პორტრეტიანი საბეჭდავი, ზევახისა და კარპაკის პორტრეტებიანი გემა.

შუა საუკუნეებში მძლავრად განვითარდა ქართ. დ.-გ. ხ-ის ყველა დარგი. განსაკუთრებულ მხატვრულ სრულყოფას მიაღწია ქართ. ოქრომჭედლობამ. ქართ. ჭედური ხელოვნ. ძეგლების 2500-ზე მეტი ნიმუში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მხატვრული საგანძურის კუთვნილებაა. ლითონის მხატვრული დამუშავება თავისი სრულყოფით გასცდა საკუთრივ დ.-გ. ხ-ის ფარგლებს და პლასტ. ხელოვნ. პრობლემების გადაწყვეტაში წამყვანი ადგილი დაიკავა. ჭედური ხელოვნ. ძეგლები უპირატესად ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული ნივთებია: ხატები, ჯვრები, სანაწილეები, საეკლ. წიგნების ყდის მოჭედილობანი, საცეცხლურები, სამწერობელნი და სხვ. საქართველოში მრავლად იყო საერო დანიშნულების ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, რ-თა შესახებ გვამცნობენ ქართ. და უცხ. საისტ. წყაროები, მაგრამ ჩვენამდე მათ მცირე რაოდენობით მოაღწიეს (გიორგი III-ის ვერცხლის სურა, მესტიის მუზეუმი; ვანის ქვაბში აღმოჩენილი ვერცხლის თასები). ჭედურობის ძეგლები და ისტ. საბუთები საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ შუა საუკ. ქართ. მელითონეობის დაწინაურებული კერები: საფარისა და ზარზმის მონასტრების საოქრომჭედლო სახელოსნოები, ცაგერი, ზემო სვანეთი, რაჭა, სამეგრელო და სხვ.

შუა საუკ. ქართ. ტიხრული მინანქარი დ.-გ. ხ-ის უმნიშვნელოვანესი და მეტად განვითარებული დარგია არა მხოლოდ თავისი მასშტაბით, არამედ მხატვრული ღირსებით და ტექ. სრულყოფითაც. თვითმყოფადი ხასიათი აქვს შუა საუკ. კერამიკას. სხვადასხვაგვარი იყო კერამ. ჭურჭლის ფორმები (სურა, ლანგარი, კათხა, ბადია, ქვევრი, ჭინჭილა, მარანი), მრავალგვარი იყო მათი შემკობის ხერხებიც: მოხატვა თეთრი ანგობით, გამჭვირვალე ფერადი ჭიქურების გამოყენება, მონოქრომიული და პოლიქრომიული ჭიქურები, ჭურჭლის შემკობა გრაფ. ორნამენტით. XII–XIII სს- ში ქართ. ხელოვნებაში, დეკორატიულობის ზრდასთან დაკავშირებით, გავრცელდა პოლიქრომიული მოჭიქული კერამიკა, შემკული გეომ. და მცენარეული მოტივებით, ფრინველების, ცხოველების, ადამიანთა გამოსახულებებით. ფართოდ გამოიყენებოდა ჭიქურთა მრავალფეროვნება (მწვანე, ცისფერი, სოსანი, ლურჯი), მზადდებოდა მოუჭიქავი ქაშანურის ჭურჭელიც. მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ხეზე კვეთის უძველეს ხალხ. ხელოვნებას.

ძვ. წ. III–II ათასწლეულების ყორღანებში აღმოჩენილია ხის ნაგებობებისა და ურმის ნაშთები. მცხეთაში (არმაზისხევსა და ბაგინეთში) აღმოჩნდა ახ. წ. პირველი საუკუნეების ხის მოხარატებული, პლასტიკურად გამოყვანილი სარეცლისა და ტახტის ფეხები, რაც ხის დამუშავების უმაღლეს ოსტატობაზე მიუთითებს. ამასვე მოწმობს ძვ. ქართ. საცხოვრებლის – დარბაზის – ტრადიცია, დედაბოძის მხატვრული დამუშავების უნიკალური ოსტატობა. ჩვენამდე მოღწეულია ხის მოჩუქურთმებული კარის, ხის ავეჯისა და ორნამენტით შემკული არქიტ. ნაწილები. მათი უძველესი ნიმუშები X–XI სს. განეკუთვნება (ოცინდალე, ჯახუნდერი, ჩუკული, ფხოტრერი, სიუფიფარი, ლაშესვანი და სხვ.).

ძვ. საქართველო ქსოვილების დამზადების მაღალი კულტურით გამოირჩეოდა. დღეისათვის ფრაგმენტებად არის შემონახული შუა საუკ. ქართ. ქსოვილის ნიმუშები (ხატებსა და ჯვრებზე, ხელნაწერთა ყდების სარჩულებზე). ქართ. ქსოვილების ყველაზე ძვ. ნიმუშები (X–XIII სს.) შემოგვინახა სვანეთმა (იფხი, ლატალი, ჩაჟაში). საქართველოში გავრცელებული იყო აბრეშუმის, სელისა და ტილოს ქსოვილების წარმოება, დაჩითული ქსოვილების დამზადება. დაჩითული ქსოვილების დიდი სახელოსნო იყო ახალციხეში. დღემდეა შემონახული ძვ. ქართ. ნაქარგობის მრავალფეროვანი ნიმუშები, საერო (ტანსაცმლის სამკაული, სარტყლები, ქისები) და საეკლესიო (გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, ომოფორები) დანიშნულებისა. ქართ. ქარგვის უძველესმა ხელოვნებამ XIX ს-შიც შეინარჩუნა თავისი ტრადიციები.

შუა საუკუნეების განმავლობაში განაგრძობდა არსებობას ქართ. გლიპტიკის ხელოვნება. ადრინდ. ნიმუშთაგან აღსანიშნავია გიორგი III-ის საბეჭდავი. გვიანფეოდ. ხანაში ფართოდ გავრცელდა საგერბო გამოსახულებანი და წმ. მხედრების გამოსახულებიანი საბეჭდავები. XIX ს. საბეჭდავთა უმეტესობა წარწერიანია.

ქართ. საბეჭდავების შესახებ მრავალფეროვან ცნობებს გვაწვდის იოანე ბატონიშვილის „კალმასობა". ძვ. ქართ. დ.-გ. ხ-ის ნიმუშები კარგად შემოგვინახა საქართვ. მთამ – სვანეთმა, რაჭამ, თუშეთმა, ხევსურეთმა: ხის მოჩუქურთმებული ავეჯი, ნატიფი სახეებით შემკული მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, სევადითა და გავარსით დამშვენებული ვერცხლის ჭედური სამკაული, ბრინჯაოს ჭურჭელი და შანდლები, შესანიშნავი ხალიჩები, უდიდესი ოსტატობით მოქარგული ეროვნ. ტანსაცმელი.

ქართ. დ.-გ. ხ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა თბილ. სამხატვრო აკადემიის დაარსებამ. აქ დასაბამი მიეცა პროფ. კერამიკის აღმავლობის საქმეს, რ-ის სათავეებთან იდგნენ მხატვრები: ზ. მაისურაძე, ნ. ვ. გომელაური და სხვ.; ამ დარგის შემოქმედებით ცენტრად იქცა სამხატვრო აკად. კერამიკის ლაბორატორია. ისტ. კერამიკა და ხალხ. ხელოვნება იქცა იმ წყაროდ, რ-მაც გაამდიდრა პროფ. კერამ. მხატვრული საშუალებები. შავპრიალა კერამ. ლაკონიური მეტყველება, შუა საუკ. კერამ. ფერადოვნება ქართვ. მხატვართა შემოქმედებაში ორიგინ. ეროვნ. მხატვრულ სახეებად იქცა.

განვითარდა ქართ. მონუმ. კერამიკა. ქართვ. კერამიკოსთა თაობების დამსახურებაა ამ დარგის მსოფლიო წარმატება (მ. აბაშიძე ე. ბაბლიძე, ნ. ბოტკოველი, ი. გაჩეჩილაძე, რ. ი. იაშვილი, ა. გ. კაკაბაძე, ნ. კიკნაძე, რ. მ.მეტრეველი, შ. ნარიმანაშვილი, ს. სულხანიშვილი, ჟ. ფორჩხიძე, გ. ქართველიშვილი, მ. ჩიხლაძე და სხვ.).

დეკორ. პანოებმა დაამშვენა ახ. არქიტ. ნაგებობანი, მათი ფასადები და ინტერიერები (ზ. წერეთელი, ა. ხარებავა, რ. მელიქიძე, რ. ცუხიშვილი, ი. გაბაშვილი და სხვ.). დ.-გ. ხ-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჭედური ხელოვნ. ოსტატებმა. 50–60-იან წლებში დაიწყო ხელოვნ. ამ უძველესი ეროვნ. დარგის აღორძინება. მოკლე დროში ქართ. ჭედურობამ საინტერესო ევოლუცია განიცადა ვერცხლის ჭედური სამკაულებიდან დეკორ. ხასიათის კედლის რელიეფებამდე და მონუმ. პანოებამდე, რ-თაც ფართო გამოყენება პოვეს ახ. ქართ. არქიტექტურაში. ქართ. ჭედური ხელოვნ. პირველი წარმატებები დაკავშირებულია ი. ოჩიაურის, კ. გურულის, გ. გაბაშვილის სახელებთან. ჭედურობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს ა. გორგაძემ, ნ. შავგულიძემ, ლ. ცომაიამ, დ. ქობალიამ, თ. დევდარიანმა, ა. ჭაბუკიანმა, ი. ქოიავამ, დ. ყიფშიძემ და სხვ.

ლითონის პლასტიკის განვითარებასთან ერთად იხვეწება საიუველირო ხელოვნება. ლითონის ჭურჭლისა და სამკაულის შექმნაში იგრძნობა ტრად. ეროვნ. ოსტატობის შენარჩუნების სურვილი; ვირტუოზულ ოსტატობას თან ახლავს მხატვრული ამოცანის ორიგინ. გადაწყვეტა (მ. ქუთათელაძე, მ. მაჰომედოვა). გაძლიერდა მხატვართა ინტერესი მინისადმი (თ. გრიგოლია). მხატვრული მინა ქართ. დ.-გ. ხ-ში თანდათან იმკვიდრებს ადგილს.

გრძელდება ხეზე კვეთის ხალხ. ხელოვნ. ტრადიციები. კაკლის ხისაგან გამოჭრილი სასმისები – ფიალები, კათხები, კულები, აზარფეშები – არის ტრად. ფორმების ორიგინ. ტრანსფორმაციის ნიმუში. ქართ. გობელენმა განსაკუთრებული აღიარება პოვა საერთაშ. ასპარეზზე. ა. და გ. გახარიების, გ. ყანდარელის, თ. ჯაფარიძის, თ. ნუცუბიძისა და სხვათა ნამუშევრები ყურადღებას იპყრობს ორიგინ. მხატვრული მეტყველებით, კომპოზიციური ოსტატობით, თავისებური ფერადოვნებით, ტექ. სრულყოფით.

თანამედროვე ქართ. დ.-გ. ხ-ის განვითარებას უდიდესი ამაგი დასდო დ. ციციშვილმა, რ-ის თეორ. და პრაქტ. საქმიანობამ, პედ. მოღვაწეობამ მნიშვნელოვნად განაპირობა ხელოვნ. ამ დარგის მიღწევები. 50-იან წლებში თბილ. სამხატვრო აკადემიაშივე საფუძველი ჩაეყარა ქართ. ფაიფურის ხელოვნებას (ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი პომპეზური საიუბილეო ლარნაკები, მოგვიანებით – მცირე ზომის ფაიფურის სკულპტურები, ლიტ. და ფოლკლორული პერსონაჟები, ანიმალისტური ფიგურები); განვითარდა ფაიფურის ჭურჭლის (ლარნაკები, ჩაის, ყავის, ხილის ნაკრებები) ადგილობრივი წარმოება.

XX ს. 80–90-იან წლებში მოვიდა ქართვ. კერამიკოსთა ახ. თაობა (გ. იაშვილი, ლ. ქუთათელაძე, მ. შველიძე, ა. კაკაბაძე, ნ. ციციშვილი, ო. შარაბიძე, ო. ვეფხვაძე, მ. იზორია და სხვ.), რ-თაც ქართ. კერამიკის ტრადიციები შეუხამეს მსოფლიო კერამიკის ისტორიიდან მომდინარე იმპულსებს, ავანგარდულ ტენდენციებს, დანერგეს ახ. ტექნოლოგიები, აქტიურად ჩაებნენ საერთაშ. კონტაქტებში (სიმპოზიუმები, გამოფენები). ჭურჭლის გარდა ბევრი მათგანი ქმნის კერამ. ქანდაკებებს.

80-იან წლებში კლებულობს საზ-ბის და მხატვართა ინტერესი ჭედური ხელოვნ. ნიმუშების მიმართ. მხოლოდ ცალკეული მხატვრები განაგრძობენ მუშაობას ამ სფეროში (გ. სადაღაშვილი). ბოლო წლებში საეკლ. ხელოვნ. განვითარებამ ხელი შეუწყო მის ხელახალ აღორძინებას (თ. გოზალიშვილის ჭედური ხატები).

ლითონის დამუშავების ხელოვნების განვითარებაში განსაკუთრებულია საფრანგეთში მცხოვრები ელგუჯა (გუჯი) ამაშუკელის წვლილი, რ-იც ქმნის აკად. მხატვრულ დაშნებს, საეკლ. რიტუალურ ჭურჭელს და სხვ. ჰოლანდიაში მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრებმა ქართვ. ოსტატმა გ. ლაღიძემ ააღორძინა სამხ. აღჭურვილობის შექმნის ხელოვნება ძვ. ტექნოლოგიების გამოყენებით. XX ს. 60–80-იან წლებში მოპოვებული წარმატებების შემდეგ ქართ. მხატვრული მინის და ბროლის (მისი ერთ-ერთი პიონერი შ. ციციშვილი; მ. მიზანდარი, გ. ჭუმბურიძე, ნ. ფარულავა და სხვ.) ვიტრაჟის ხელოვნება (გ. იუსტინსკაია, ვ. ქოქიაშვილი) 90-იან წლებში ეკონ. კრიზისის, სამუშაო ბაზის არქონის (მხატვრული ნიმუშები უმთავრესად რუსეთსა და უკრაინაში იქმნებოდა) გამო ფაქტობრივად წყვეტს არსებობას. მხოლოდ ცალკეულმა მხატვრებმა (თ. გრიგოლია) შეძლეს მუშაობის გაგრძელება.

XX ს. დამლევსა და XXI საუკუნის დასაწყისში ქართ. დ.-გ. ხ-ის წამყვან დარგად მინანქრის ხელოვნება იქცა. ქართვ. ოსტატებმა შეძლეს ტიხრული მინანქრის უძველესი ტექნოლ. საფუძველზე მრავალფეროვანი თემატიკისა და დანიშნულების (საერო და საეკლ.) ნამუშევრების შექმნა. განსაკუთრებული ელფერი შემატა ამ დარგს ფერმწერთა, მოქანდაკეთა, არქიტექტორთა ჩართვამ. ერთდროულად მოხდა ორი ძვ. ტექნოლოგიის გამოყენებით, ტრად. ხედვის, იკონოგრაფიის, განსაკუთრებით საეკლ. რიტუალური დანიშნულების, რელიგ. მოტივებზე დაფუძნებული ნიმუშების (ა. სპარსიაშვილი, მ. და ც. ცალქალამანიძეები, ლ. შენგელია) და ახ. მხატვრული ენის, თემატიკის, იუმორის, ტექნოლ. სიახლეების შემცველი მიმართულების განვითარება (გ. კუპრაძე, ს. ლოდია, ს. ალავიძე, მ. ჩხეიძე, დ. კაკაბაძე უმცრ. და სხვ.). მინანქრის ხელოვნებამ დიდი ადგილი დაიკავა საიუველირო ხელოვნებაში (პ. პაატაშვილი, თ. გურგენიძე).

XX ს. ბოლო მეოთხედში დაიწყო მჭედლობის აღორძინება; საზ. და კერძო ინტერიერებში მხატვრული ნაწარმის (მოაჯირები, კარიბჭეები, აივნები) ჩართვა (თ. სულხანიშვილი, ს. ასათიანი). აღორძინდა ინტერესი მხატვრული იარაღისადმი. მრავალი წლის განმავლობაში ქართვ. ოსტატებთან ერთად ამ სფეროში მუშაობდნენ დაღესტნელები (მაჰომედოვები და სხვ.). ახალგაზრდა ქართვ. ოსტატებმა რთული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს მხატვრული იარაღის (დანები, ხმლები) საინტერესო ნიმუშები, რ-შიც შერწყმული იყო ქართ. და აღმოსავლური მოტივები, ფორმები (კ. ზარნაძე, რ. ოდიშელიძე და სხვ.). ამავე პერიოდში გაძლიერდა ინტერესი მხატვრული თექისადმი (ძმები ტ. და ა. სისაურები, თ. კლდიაშვილი, თ. შათირიშვილი, თ. ჯაფარიძე). 70-იან წლებში ქსოვილებისგან შესრულებული აპლიკაციით იქმნებოდა სხვადასხვა ჟანრის მარტივი კომპოზიციის ნაწარმოებები (მ. თავაძე), 90-იანი წლებიდან კი – უფრო რთული კომპოზიციები (ო. მეგრელიძე და სხვ.).

თანამედროვე ქართ. გამოყენებითი ხელოვნ. ერთ-ერთ პოპულარულ დარგს ბატიკის ხელოვნება წარმოადგენს. მ. ჩიხლაძის მიერ აღზრდილი პირველი თაობის (ქ. ასპინძელაშვილი, ე. ერისთავი, ი. არსენიშვილი) გვერდით მუშაობას აგრძელებენ ახალგაზრდები, რ-ებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით (ცივი და ცხელი მოხატვა) ქმნიან მრავალფეროვანი ჟანრის, თემატიკის, მიმართულების ნამუშევრებს. ქართ. ტექსტილის ხელოვნების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა თბილ. სამხატვრო აკადემიამ, მოგვიანებით – ქართ. ტექსტილის ჯგუფმა (1993), ჯგუფმა "La Maison Bleue" (მ. თოიძე, მ. ხალვაში, ნ. ოჩიაური, ქ. ციციშვილი, ი. და ნ. ხოფერიები, ქ. ქავთარაძე, ნ. ყვავილაშვილი, ე. სირაძე, მ. და ი. ძიძიკაშვილები, ი. და მ. წინამძღვრიშვილები, ხ. რაზმაძე-მებადური). განვითარდა მოცულობითი ტექსტილის ხელოვნებაც (თ. ნუცუბიძე, მ. ჩიხლაძე), ქვილთის ხელოვნება (ნ. ყიფშიძე, ნ. კუპრავა).

მხატვრული ავეჯის წამყვანი ოსტატი გ. კოტეტიშვილი სხვადასხვა მასალით (ლითონი, ხე, გობელენი, ზოგჯერ მეორეული მოხმარებისა) ქმნის საზ. (სასტუმროები, რესტორნები) და კერძო ინტერიერისათვის განკუთვნილ ორიგინ. ფორმის ავეჯს. თანამედროვე ქართ. გამოყენებითი ხელოვნ. საინტერესო დარგად იქცა თოჯინების შექმნა. 50-იან წლებში ბავშვებისთვის განკუთვნილ მექან. თოჯინა-სათამაშოებს (ნ. ბელიაევა, ლ. გილჩევსკაია, ლ. ბეგთაბეგიშვილი, გ. ალექსანდროვი) უფრო მეტად შემეცნებითი დანიშნულება ჰქონდათ. დიდი ზომის, სამუზეუმო ექსპოზიციისთვის განკუთვნილ, ორიგინ. კონსტრუქციის თოჯინებს ქმნის თ. კვესიტაძე (მოძრავი, ტრანსფორმებადი თოჯინები), თოჯინებს ქმნიან აგრეთვე ა. კალატოზიშვილი, ე. წითლანაძე, ი. ქააძე, ბ. დვალიშვილი და სხვ.

ვითარდება საიუველირო ხელოვნება (ი. დოლიძე, ა. გიგოლაშვილი), გლიპტიკა (ა. ზელენცოვი). XX ს. 80-იანი წლებიდან საქართველოში აღორძინებას იწყებს საეკლ. ხელოვნება. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს (ჭედური და ფერწერული ხატები, საეკლ. ინვენტარი, ხის ნაწარმი, მინანქარი, საეკლ. სამოსი, ნაქარგობა და სხვ.) ქმნიან თბილ. სამხატვრო აკადემიის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო-სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები ეკლესია-მონასტრებთან არსებულ სახელოსნოებში.

ლიტ.: მ ა ჩ ა ბ ე ლ ი  კ., ქართული საბჭოთა ჭედური ხელოვნება, თბ., 1976; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე  თ., XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან, თბ., 1980; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი  გ., ქართული ოქრომჭედლობა. VIII–XVIII სს., ალბომი, თბ., 1957; ჩ ხ ა რ ტ ი შ ვ ი ლ ი  ა., მამნე ოქრომჭედელი, თბ., 1978; Современная грузинская керамика, М., 1984; Ч у б и н а ш в и л и  Н. Г., Грузинская средневековая резьба подереву, Тб., 1958.

კ. მაჩაბელი

მ. ხერხეულიძე