დეკორატიული დაბალბალახოვანი ადგილობრივი მცენარეები

დაბალბალახოვანი მცენარეების დეკორატიული ფორმები საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე

დეკორატიული დაბალბალახოვანი ადგილობრივი მცენარეები, ბალახოვან მცენარეთა ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ვეგეტაციური ორგანოების სპეციფიკური აგებულებით, ტანდაბალი იერით (გართხმული და მცოცავი ფორმები), ბიოეკოლოგიური თავისებურებებით და დეკორატიული ნიშან-თვისებებით (ხანგრძლივი ყვავილობა, ფერთა დინამიკური ცვალებადობა).

საქართველოს დაბალბალახოვანი მცენარეები მონათესავე ჯგუფის სხვა მცენარეებთან შედარებით მკვეთრად გამორჩეულია. მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამწვანება-კეთილმოწყობაში. ესთეტ. ღირებულებასთან ერთად ისინი პრაქტიკულადაც აქტიურად გამოიყენება სანიტ.-ჰიგიენური და საწარმოოსამეურნეო მიმართულებით.

ადგილობრივი დაბალბალახოვანი მცენარეების (კლდისდუმა, ია სურნელოვანი, კესანე, მიხაკი, კლდისვაშლა, სურო, ფურისულა, ფხიჯა და სხვ.). გამოყენების ხარისხი და ნიშან-თვისებები ჩამოყალიბებულია შემდეგი სპეციფ. მახასიათებლებით: ისინი ქმნიან მტკიცე დეკორ. საფარს, რ-იც სწრაფად ვითარდება; ვეგეტაციური მასის სიმჭიდროვე ამცირებს მოვლის ღირებულებას და გამწვანების ფართობის მჭიდრო საბურველიანობასთან ერთად ქმნის მასობრივ დეკორ. ეფექტს; რაც განპირობებულია ვრცელი ჯგუფების გეგმარებით, მასობრივი დარგვით და აღბეჭდილია მდელოსა და მინდვრის მცენარეულობაში;

დ. დ. ა. მ-ს გააჩნიათ ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა (ბიოლ. სიბერის უქონლობა), უხვი ყვავილობის უნარი, ასევე ნაყოფმსხმოიარობა; ადგილობრივი დაბალბალახოვანი მცენარეების მჭიდრო საფარი და ვეგეტაციური მასა აფერხებს სარეველების აღმოცენებას; ისინი უძლებენ მკაცრ ზამთარსა და მცხუნვარე ზაფხულს, ეგუებიან ტენის უკმარისობას და ნიადაგის სიმწირეს (ამტანუნარიანობა), ავლენენ გამძლეობას დაავადებების და ავადმყოფობების მიმართ (იმუნიტეტი). დაბალბალახოვან მცენარეებში გამომუშავებული ბიოფიზილოგიური ნიშან-თვისებები საშუალებას იძლევა, ადამიანის ჩაურევლად წარიმართოს აღდგენის პროცესი (თვითაღდგენის უნარიანობა); ეს მცენარეები წლობით ინარჩუნებენ დეკორ. ეფექტს.

ლიტ.: ი ს ა კ ა ძ ე  შ., დეკორატიული დაბალბალახოვანი ადგილობრივი მცენარეები, წგ. 1, თბ., 2005; ი ს ა კ ა ძ ე  შ., ი ს ა კ ა ძ ე  ლ., დეკორატიული დაბალბალახოვანი ინტროდუცირებული მცენარეები, წგ. 2, თბ., 2009.

შ. ისაკაძე