დიგაშენის არქეოლოგიური ძეგლები, ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ძეგლი სოფ. ჯიგრაშენსა და ხორენიას შორის (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი).
ნასოფლარ დიგაშენთან არქეოლ. ექსპედიციამ აღმოაჩინა შემდეგი გორანამოსახლარები: დიგაშენი I და II (1970; ხელმძღვ. ო. ჯაფარიძე), დიგაშენი III, IV, V და 3 სამაროვანი (1987–90; ხელმძღვ. ა. ორჯონიკიძე). დ ი გ ა შ ე ნ ი I – ნამოსახლარი მდებარეობს მდ. ფარავნის მარჯვ. ნაპირზე. უკავია ბუნებრივი გორის თხემი და ჩრდ. და დას. ფერდები.
გაითხარა ადრინდ. და გვიანად. ბრინჯაოს ხანის ფენები. ორივე ფენაში აღმოჩნდა ფლეთილი და თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა შენობათა ნაშთები. იატაკი თიხატკეპნილია ან ბრტყელი ქვებითაა მოფენილი, გადახურვა სავარაუდოდ ბანური იყო. ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კერამიკა მტკვარ-არაქსული ნაწარმია. შავი და მოვარდისფრო პრიალა დერგები, ქოთნები, კათხები და სხვ. რელიეფური და ნაკაწრი ორნამენტითაა შემკული. აქვე აღმოჩნდა თიხის ორნამენტირებული ოთხკუთხა ფორმის სანათური, სპირალური ორნამენტით შემკული თიხის ფილის ფრაგმენტები და ნალისებური კერის ზესადგრის ნატეხები. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს პატარა რგოლი, ქვის ხელსაფქვავები, სანაყები და სხვ.;
ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მასალა აღმ. საქართვ. ძვ. წ. III ათასწლ. მასალის მსგავსია, გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კერამ. მასალა კი უკავშირდება აღმ. საქართველოში აღმოჩენილ ძვ. წ. XIV–XIII სს. მასალას. ნასახლარზე გამოვლინდა ფლეთილი ქვით ნაგები, ოვალური ფორმის სამარხი, რ-იც შევსებული იყო ნაცრიანი მიწით. მცირე რაოდენობით შერეული ჰქონდა კერამ. ფრაგმენტები და ობსიდიანის ანატკეცები. მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩნდა. სამარხის გარეთ, მის ძირში, ჩადგმული იყო გვიანდ. ბრინჯაოს ხანის რუხი ფერის ცალყურა ქოთანი.
დ ი გ ა შ ე ნ ი II – ნამოსახლარი განლაგებულია პირველისაგან ჩრდ.-აღმ-ით 600 მ-ის დაშორებით, მდებარე მოზრდილი გორის თხემსა და ფერდებზე. ზედაპირულად აკრეფილია ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კერამიკა. შეიმჩნევა სწორკუთხა ნაგებობათა ქვის საძირკვლები. გორის ჩრდ. ფერდის ძირში სამაროვანია (ქვაწრიანი სამარხები და მცირე ზომის ყორღანები). 1987 გაითხარა ძვ. წ. XIV–XIII სს. ქვა-მიწაყრილიანი ყორღანი (სიმაღლე 0,5 მ, დიამ. 10 მ). ჩრდ. ნაწილში აღმოჩნდა სანაცრე ორმო, რ-შიც პატარა ჭურჭელი იდო. ყორღანის ქვაყრილის ქვეშ გამოვლინდა ფლეთილი ქვის მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა ფორმის დასაკრძალავი კამერა (სიმაღლე 1,7 მ, ფართ. 5 მ²), შევსებული ნაცრიანი მიწით, პემზითა და ქვით. მასში არეული იყო მიცვალებულთა ძვლები და კერამ. ნაშთები (შავი და მოყვითალო რუხი ფერის გეომ. ჭრილი ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი). ნაპოვნია აგრეთვე ქვისა და პასტის მძივები, ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ქედიანი სატევრისპირი, ისრისპირი, რგოლები და სხვ.).
დ ი გ ა შ ე ნ ი III – ნამოსახლარი პირველისაგან დას-ით 1,5 კმ-ზე, მდ. ფარავნის მარჯვ. ნაპირას მდებარე დაბალ ბორცვზეა. ზედაპირულად აკრეფილია ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის არქეოლ. მასალა. ნამოსახლარს გარს აკრავს სამაროვანი (მცირე ზომის ყორღანები და ქვაწრიანი სამარხები).
დ ი გ ა შ ე ნ ი IV – ნამოსახლარი მდებარეობს პატარა ხორენიას დას. ნაწილში, მდ. ფარავნის მარცხ. ნაპირას, შემაღლებულ კონცხზე. აღმ-იდან და სამხრ.-აღმ. მხრიდან აკრავს გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. 1989 გაითხარა ძვ. წ. XIV–XIII სს. ერთი ყორღანი და 4 ორმოსამარხი. ყორღანი ოთხკუთხა ფორმის იყო (9 მ×10 მ). დაბალი ქვაყრილის ქვეშ აღმოჩნდა დიდი ლოდებით შემოზღუდული და დიდი ლოდებითვე გადახურული დასაკრძალავი კამერა (3 მ × 1 მ × 0,9 მ). მიცვალებულთა ძვლები და არქეოლ. მასალა (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღი, სამკაული, ქვისა და პასტის მძივები, პასტის მძივსაკიდი) ერთმანეთში იყო არეული. ორმოსამარხები ოთხკუთხა ან წრიული ფორმისაა, რ-ებიც დამხრობილია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხაზზე და განკუთვნილია თითო მიცვალებულისათვის. გადახურული იყო დიდი ზომის ბრტყელი ქვებით. მიცვალებულები ესვენენ თავით ჩრდ-კენ, გვერდზე, მოკუნტულ მდგომარეობაში. თავთან ედგათ 2 ან 3 თიხის ჭურჭელი.
დ ი გ ა შ ე ნ ი V – ნამოსახლარი მდებარეობს პატარა ხორენიას აღმ. ნაწილში, ვაკეზე. ზედაპირულად აკრეფილია მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკა. მასალა დაცულია საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.
ლიტ.: ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ო., ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1976; О р д ж о н и к и д з е А., Работы Джавахетской экспедиции на памятниках бронзового века, კრ.: Полевые археологические исследования в 1987 г., Тб., 1995.
ა. ორჯონიკიძე