დიგორი

დიგორი, მხარე თანამედროვე ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია). მოიცავს მდ. ურუხის აუზს.

VII ს. სომხ. ანონიმურ გეოგრაფიაში იგი მოხსენიებულია „აშტიგორის" სახელწოდებით. XII–XIII სს-ში დ-ის ტერიტ. დანარჩენ ალანოსეთთან ერთად საქართვ. სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, დ-ის თემი იყოფოდა ორად: ჩერქეზიძედ და ბაზალიძედ.

ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი (XVIII ს.) იმერეთის სამეფოს ჩრდ. საზღვრად ასახელებს დიგორის მთას. დ-ზე გადიოდა დას. საქართველოს ჩრდ. კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა. ეს გზა გაიარეს რუსეთში მიმავალმა მეფეებმა – თეიმურაზ I-მა (1659) და ვახტანგ VI–მ (1724).

ი. გიულდენშტედტი (1772) დ-ში ასახელებს 50 ოსურ სოფელს.

წყარო და ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1964; საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას რედ., ნაწ. 1, თბ., 1948; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ჯ. გვასალია