დიდაქტიკა

დიდაქტიკა, (ბერძნ. didaktikos – დამრიგებლობითი), პედაგოგიკის დარგი, რ-იც მეცნიერულად ამუშავებს სწავლებისა და განათლების თეორიას.

ტერმ. „დ." პირველად შემოიღო გერმ. პედაგოგმა ვ. რატკემ (1571–1635), რ-იც თავის თავს დიდაქტიკოსს უწოდებდა. სწავლებისა და განათლების თეორიის პირველი მწყობრი მეცნ. სისტემის შემქმნელად აღიარებულია ჩეხი მეცნიერი იან კომენსკი, რ-ის შეხედულებებიც შემდგომ განავითარეს პროგრესულმა პედაგოგებმა ი. ჰ. პესტალოციმ (შვეიცარია), ა. დისტერვეგმა (გერმანია), კ. უშინსკიმ (რუსეთი), ი. გოგებაშვილმა.

ს კ ო ლ ა მ დ ე ლ ი დ. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შემეცნებითი უნარისა და ჩვევის ფორმირება-განვითარების თეორიაა. იგი მოიცავს სკოლამდელთა ქცევის ძირითადი ფორმის – თამაშის – მეცნ. მეთოდიკის საკითხებს, აგრეთვე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ყოველმხრივი (გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტ., ფიზ.) განვითარების კონკრეტულ გზებსა და საშუალებებს. ს ა ს კ ო ლ ო დ-ის სფერო მეტად ფართოა.

ისტორიულად დ. სასკოლო ასაკის ბავშვთა სწავლების თეორიას წარმოადგენდა. სასკოლო დ. შეისწავლის ამ ასაკის მოსწავლეთა ქცევის ძირითადი ფორმის – სწავლის, აგრეთვე სწავლების კანონზომიერებებს ასაკობრივი საფეხურების (უმცროსი, საშ. და უფროსი) მიხედვით, განსაზღვრავს სწავლებისა და განათლების შინაარსს, პრინციპებს, მეთოდებს, ორგანიზაციის ფორმებს და ა. შ.

უ მ ა ღ ლ ე ს ი ს კ ო ლ ი ს დ. შედარებით ახ. დარგია. იგი მოწოდებულია შეისწავლოს უმაღლ. განათლების ზოგადი ხასიათის საკითხები: სასწ. გეგმების, პროგრამების, სახელმძღვანელოების აგების პრინციპები; სასწ. მუშაობის ფორმები (ლექცია, სემინარი, პრაქტ.-ლაბორ. მუშაობა, დამოუკიდებელი მუშაობა, სტუდენტთა სამეცნ.-კვლ. მუშაობა და სხვ.) და მეთოდები. სწავლებისა და განათლების საკითხების დამუშავებისას დ. ემყარება სწავლებისა და აღზრდის განუყოფლობის ზოგად პედ. პრინციპს. სწავლებისა და განათლების დიდაქტ. პრინციპებია: ცოდნის სისტემატურობა და სწავლების თანამიმდევრობა, შეგნებულობა და აქტიურობა, თვალსაჩინოება, მისაწვდომობა და მოსწავლისადმი ინდივიდ. მიდგომა, ცოდნა- ჩვევების მტკიცედ შეთვისება.

სწავლების პროცესში ეს პრინციპები ურთიერთს განაპირობებენ. დიდაქტ. პრობლემათა კვლევის მეთოდები მრავალფეროვანია, მათი შერჩევა დამოკიდებულია შესასწავლი პრობლემის ხასიათსა და თავისებურებაზე. დ. მჭიდროდ უკავშირდება პედაგოგიკასა და ბავშვის ფსიქოლოგიას, უმაღლ. ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიას, სოციოლოგიას, ცალკეული სასწავლო საგნის სწავლების მეთოდიკას.

მეტად ნაყოფიერია დიდაქტ., ფსიქოლ. და ფიზიოლ. ექსპერიმენტების ურთიერთშეხამებით მოპოვებული კვლევის შედეგები. სწორედ ამ გზით მოწმდება სკოლებში ახ. სასწავლო გეგმები, პროგრამები და სახელმძღვანელოები, რ-ებიც საფუძვლად ედება სწავლების ახ. შინაარსს სკოლაში.

ლიტ.: ბ უ რ ჭ უ ლ ა ძ ე  მ., მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და შეფასება საღამოს (ცვლის) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, თბ., 1974; გ უ რ გ ე ნ ი ძ ე  დ., მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და შეფასების საკითხები, თბ., 1957; თ ა ვ ზ ი შ ვ ი ლ ი  გ., პოლიტექნიკური სწავლების საკითხისათვის, თბ., 1955; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  დ., სწავლების პრინციპები, ორგანიზაცია და მეთოდები, თბ., 1954; მ ი ს ი ვ ე, დიდაქტიკა, თბ., 1983; პ ა ტ ა რ ა ი ა  ბ., პროექტების მეთოდისათვის, ტფ., 1931; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  შ., დიდაქტიკა, თბ., 1939; მ ი ს ი ვ ე, საწარმოო სწავლების სისტემა, თბ., 1962; მ ი ს ი ვ ე, Проблемы дидактики и методики преподавания учебных предметов в школе, М., 1982.

დ. გურგენიძე