დიდაქტიკური ლიტერატურა, დამრიგებლური ხასიათის ლიტერატურა, რ-იც მხატვრული ფორმით გადმოსცემს მეცნ., ფილოს., რელიგ., მორალურ პრინციპებსა და იდეებს, მიზნად ისახავს ადამიანის ზნეობრივ აღზრდას, სულიერ ამაღლებას.
დ. ლ. ჟანრობრივად მრავალფეროვანია: დიდაქტ. ეპოსი, ლირიკა, დრამა. განსაკუთრებით გავრცელებულია ალეგორიული ეპოსი, იგავ-არაკი, აფორიზმი, არაკი, მორალიტე, სასკოლო დრამა და სხვ. ისტ. განვითარების პროცესში დ. ლ. გამოხატავდა ამა თუ იმ ეპოქის კლასობრივ-პოლიტ. სულისკვეთებას.
შუა საუკუნეებში დიდაქტ. ხასიათი ჰქონდა რელიგ. ლიტ-რას (მ. ლუთერის „საუბრები სუფრასთან", ე. როტერდამელის „საოჯახო საუბრები", იოანე ბოლნელის ქადაგებანი და სხვ.). დიდაქტ. მოტივებმა არაერთი მწერლის შემოქმედებაში დაიკავა ძირითადი ადგილი (ლაფონტენის, ლესინგის, ს.-ს. ორბელიანის იგავ-არაკები, ჯ. ლილოს პიესები, რიჩარდსონის რომანები და სხვ.). დ. ლ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ფართოდ გავრცელდა ევროპაში; დადასტურებულია აგრეთვე ბერძნ.-რომაულ ლიტერატურაშიც.
დ. ლ-ის ნიმუშებია: „პანჩატანტრა", „კონფუციური ტრაქტატები", „ქილილა და დამანა" და სხვ. დიდაქტ. მოტივებს შეიცავს ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი", მარკუს ავრელიუსის „ფიქრები", საადის „ბუსთანი", ომარ ხაიამის რობაიები და სხვ. ქართ. ლიტერატურიდან აღსანიშნავია იოანე პეტრიწის „სათნოებათა კიბე", არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი", ს.-ს. ორბელიანის „წიგნი სიბრძნე-სიცრუისა" და „სწავლანი ანუ ქადაგებანი", დ. გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა" და სხვ.
გ. ლომიძე