დიდგორის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის ძეგლები დიდგორის ველზე.
გათხარეს 1975. ყველაზე ადრეულია გვიანდ. ნეოლითის ხანის ნასახლარი. ადგილ გრძელ ველზე, დიდგორიდან სოფ. ღვევისაკენ (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მიმავალი გზის პირას გაითხარა 3 ყორღანი. სავარაუდოა, რომ სამივე ძვ. წ. III ათასწლ. ბოლო საუკუნეებისაა.
სოფ. ტაბარუკიდან (მცხეთის მუნიციპალიტეტი) დიდგორზე მიმავალი გზის პირას გაითხარა ქვაყრილიანი ყორღანი, რ-იც აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის მიხედვით, ძვ. წ. XV–XIV სს-ით თარიღდება. ძეგლი გვიანდ. ბრინჯაოს ხანის იმ არქეოლ. კულტურის წრეს მიეკუთვნება, რ-იც ძირითადად გავრცელებული იყო ქვემო ქართლში, კახეთში, დას. აზერბაიჯანსა და სომხეთში. საკუთრივ დიდგორის ბორცვი ბუნებრივი წარმოშობისაა. მის ძირზე არის ფეოდ. ხანის ნასახლარი, თხემზე კი – სალოცავი ხატი.
1990 აქ აღიმართა დიდგორის ბრძოლის მემორიალი (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტექტორი თ. გუნია).
მ. დათაშვილი