დიდვაკის ნასოფლარი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. ფშავის არაგვის მარცხნივ, მაღალი ქედის თხემზე.
ტყით დაფარულ ნასოფლარში შემორჩენილია რამდენიმე საცხოვრ. კომპლექსის ნაშთი, გალავნით შემოზღუდული ეკლესიისა და 2 კოშკის ნანგრევები. ზედაპირულად მიკვლეული მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტების მიხედვით, საცხოვრ. კომპლექსი შუა საუკ. უნდა მიეკუთვნოს. გადმოცემის თანახმად, ეს სოფელი ყელის (თამარის) ციხეს ეკუთვნოდა და მის მომარაგებასა და დაცვას ემსახურებოდა. აქედან ნაგზაური ახლაც ჩადის ამ ციხესთან, რ-იც ჟინვალის ნაქალაქარის აღმ-ით, მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ნასოფლარი საინტერესო მასალას იძლევა მთის დავაკებაზე დაფუძნებულ დასახლებათა არქიტ. სახისა და მეურნეობრივი საქმიანობის შესასწავლად.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, [ტ.] 5.
გ. რჩეულიშვილი