დიდი კლდეისი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ბედენის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. კლდეისისწყლის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. კლდეისის თემის ცენტრი (სოფლები: დ. კ., პატარა კლდეისი). ზ. დ. 1340 მ, თეთრიწყაროდან 32 კმ. 90 მცხ. (2002).
სოფლის ჩრდ-ით, 2 კმ-ზე, არის კლდეისის საყინულე გამოქვაბულები. სოფელში და მის ირგვლივ ძვ. ნასახლარები და ეკლესიების ნანგრევებია.
სოფლის შუაში შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი, თლილი ქვით ნაგები ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X–XI სს.), რ-ისთვისაც მოგვიანებით სამხრ-იდან და შემდეგ კი ჩრდ-იდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ-სარკმელთა მორთულობისა და ლავგარდნის, აგრეთვე ასომთავრულწარწერიანი ქვების ფრაგმენტები.
პ. ზაქარაია