დემურია მარიამ ივანეს ასული

მ. დემურია

დემურია (ქალიშვილობის გვარი – ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლი) მარიამ ივანეს ასული [21. III (2. IV). 1860, გორი, – 21. I (3. II). 1910, თბილისი], საზოგადო მოღვაწე, საბავშვო მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი.

სწავლობდა გორის სამრევლო სკოლაში, 1877-იდან – თბილ. საბებიო ინ-ტში, რ-ის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისში, ოზურგეთსა და საჩხერეში. 1893 საბოლოოდ დასახლდა თბილისში.

მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა სცენისმოყვარემ, მწერალმა, ჟურნალისტმა და განათლების მუშაკმა. დ. იყო არაერთი სახალხო სახლის, თეატრის, ბ-კა-სამკითხველოსა და სხვა კულტ.-საგანმან. დაწესებულების ორგანიზატორი.

1904 მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა საყმაწვილო ჟურნ. „ნაკადული" , რ-ის რედაქტორი 1906-იდან თვითონ იყო.

დ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. საბავშვო ლიტ-რისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში.

ლიტ.: გოგოხია ლ., მარიამ დემურია, თბ., 1964; «ნაკადული», 1910, №2; ღვინიაშვილი ა., ქართული საბავშვო ლიტერატურის მიმოხილვა (1883–1917), ტფ., 1934; ცაიშვილი ს., მ. ი. დემურია, კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968.

ლ. გოგოხია