დენდრარიუმი, დ ე ნ დ რ ო ლ ო გ ი უ რ ი ბ ა ღ ი (ბერძნ. dendron– ხე), ღია ცის ქვეშ დარგული ხე-ბუჩქების კოლექცია.
დ. ბოტან. ბაღის შემადგენელი ნაწილი ან საგანგებოდ გაშენებული დეკორ. ბაღია. აქ თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის ხებუჩქების სახეობითი და საბაღო ფორმები, რ-ებიც ექსპოზიციაში განლაგებულია სისტემატიკური, მორფოლ., ეკოლ., გეოგრ., დეკორ. და სხვ. პრინციპებით.
დ-ში ტარდება სამეცნ.-კვლ., საცდელ-საწარმოო, კულტ.- აღმზრდელობითი და საგანმან. მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოყენებითი ბოტან. პრობლემებს. სანერგე მეურნეობებში გამოჰყავთ იშვიათი და გადაშენების გზაზე დამდგარი ხე-ბუჩქები, ამრავლებენ დეკორ. ჯიშებს, ამზადებენ თესლსა და კალმებს.
სოხუმის, ბათუმისა და თბილ. ბოტან. ბაღებში თავმოყრილია მერქნიანი ჯიშების მდიდარი კოლექციები. დ-ის ტიპური მაგალითია „თბილისის ზღვის" სანაპირო ზოლში გაშენებული საქართველოს დენდროლოგიური პარკი, რ-იც 1956 დაარსდა.
შ. ისაკაძე