დიდრუვის ნამოსახლარი, XI–XIII სს. ნამოსახლარი დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, ფშავის არაგვის ხეობის მარჯვ. ფერდობზე, დიდრუვის მშრალი ხევის მარცხ. ნაპირზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი).
1974–76 გათხარეს (ხელმძღვ. – რ. რამიშვილი) ტერასაზე (66 მ×11 მ ) განლაგებული 4 საცხოვრ. კომპლექსი. ტერასა 2 საფეხურადაა გაყოფილი. ზედა საფეხურზე საცხოვრ. სათავსები და მარნებია მოთავსებული, ქვედაზე – გომურები. სათავსები აგებულია კლდის ნატეხი ქვით (კირხსნარსა და ტალახზე), კლდოვან ქანში საგანგებოდ ამოღებულ ქვაბულებში. საცხოვრ. კომპლექსი შედგება 3 ძირითადი (ოთახები – კერითა და ქვის ტახტებით, მარანი – ქვევრებითა და ქვითკირის საწნახლებით) და თითო დამხმარე სათავსისაგან (გომური), რ-საც ქვაფენილიანი იატაკი აქვს.
გამორჩეულია ერთი კომპლექსი, რ-შიც საჯინიბოცაა გამართული და შემოზღუდულია ქვითკირის კედლით. იქვეა მარცვლეულის შესანახი ქვითკირის ხარო. ნამოსახლარის აღმ. კუთხესთან დადასტურდა ძვ. კალო და გზა. ჩრდ.-აღმ. ფერდობზე ძვ. ტერასებისა და ახოს კვალია, სადაც, ალბათ, ვაზი იყო გაშენებული. ნამოსახლარზე აღმოჩნდა ერთ და მრავალფრად მოჭიქული, მოუჭიქავი, წითელკეციანი, შავკეციანი თიხის საოჯახო და სამზარეულო ჭურჭელი, მინის სამკაულისა და სასმისების ნატეხები, რკინის შრომისა და საბრძოლო იარაღი, ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, XIII ს. 30-იანი წწ. სელჩუკური ვერცხლის მონეტები და სხვ. ქვედა კულტ. ფენებში აღმოჩენილია ანგობით მოხატული და ცისფრად მოჭიქული ჯამების ფრაგმენტები, რ-ის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ტერასაზე ცხოვრება XI ს-იდან დაწყებულა.
ნამოსახლარი XIII ს. შუა წლებში ხანძრის შედეგად განადგურებულა, რაც მონღოლთა ურდოების შემოსევის შედეგი უნდა იყოს.
ლიტ.: რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი გ., „დევებიანისა" და „დიდრუვის" ნასოფლარები, კრ.: ჟინვალის ექსპედიცია, თბ., 1981.
გ. რჩეულიშვილი