დიდუბის პანთეონი, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, გამოჩენილ ადამიანთა განსასვენებელი ადგილი თბილისში.
დ. პ. დაარსდა 1915–16 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით. თავდაპირველად იგი დიდუბის სასაფლაოდ იწოდებოდა. მისი პანთეონად გადაკეთების საფუძველი გახდა 1915 წ. 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის გალავანში პანთეონის მოწყობის შესახებ; დაიწყო პანთეონის შემოღობვა-კეთილმოწყობა, 1918 წ. 2 ივლ. კი გადაწყდა, რომ: „პანთეონში დაიკრძალება მეცნიერების, ხელოვნების და საზოგადოებრივ სარბიელზე გამოჩენილ მოღვაწეთა ნეშტნი, აგრეთვე იმ ქველმოქმედ პირთა ნეშტნიც, რომელნიც შესწირავენ ეროვნულ საქმეს არა ნაკლებ 10 000 მანეთსა, და აღიმართება ძეგლი იმ ქართველ მეომართა სახსოვრად, რომელნიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე განმანთავისუფლებელი ომის 1914 წ. განმავლობაში" (საქართველოს სახელმწიფო არქივი; ფონდი 481, საქმე 1667, გვ. 104);
შემდგომში იქ კრძალავდნენ ნაკლებად ცნობილ პირებსაც, რის გამოც პანთეონმა თანდათან დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება. საბჭოთა ხელისუფლების წლებში, თბილისის საქალაქო საბჭოს 1938 წ. 22 ივლ. გადაწყვეტილებით დ. პ. საერთოდ გაუქმდა. ამან გამოიწვია ქართვ. ინტელიგენციის უკმაყოფილება და პროტესტი, რამაც შედეგი გამოიღო: ქალაქის ხელმძღვანელები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე.
1938 სასაფლაოს ნაწილი, სადაც გამოჩენილ პირთა საფლავები იყო, შემოფარგლეს და 1939 გაიხსნა დ. პ.
პანთეონში დაკრძალული არიან მწერლები, ხელოვანები, მეცნიერები, საზ. და პოლიტ. მოღვაწენი. პანთეონში დაკრძალული პირების საფლავის ძეგლთა ავტორები არიან ცნობილი მოქანდაკეები და არქიტექტორები.
ლიტ.: ბ ა ბ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ზ., ნ ო ზ ა ძ ე თ., მამულიშვილთა სავანე (დიდუბის პანთეონი), თბ., 1994.
გ. კაჭარავა