დიზაინერთა კავშირი

დიზაინერთა შემოქმედებითი კავშირი, ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ-შემოქმედებითი გაერთიანება.

დაარსდა 1987 თბილისში საქართვ. სახ. მხატვრის ზ. წერეთლის ინიციატივით. აერთიანებს მხატვარდიზაინერებს, არქიტექტორებს, მეცნიერებს, პედაგოგებს. კავშირის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს თანამედროვე დიზაინის მიღწევების პროპაგანდას, დიზაინერთა საავტორო უფლებების დაცვას სხვადასხვა ქვეყნის დ. კ-ებთან და საერთაშ. ორგანიზაციებთან შემოქმედებით და პრაქტ. კონტაქტებს.

კავშირი ზრუნავს დიზაინერთა პროფ. დაოსტატებაზე, მათი შემოქმედებითი ინდივიდუალობის გამომჟღავნებაზე. დ. კ-ის უმაღლესი ორგანოა საქართვ. დიზაინერთა ყრილობა (იწვევენ 5 წელიწადში ერთხელ), რ-იც ირჩევს აღმასრ. ორგანოს – გამგეობას, აგრეთვე სარევიზიო კომისიას. გამგეობა, თავის მხრივ, ირჩევს კავშირის სამდივნოს, თავ-რეს და პ/მგ. მდივანს.

კავშირის პირველმა ყრილობამ (1987 წ. 3 სექტ.) აირჩია გამგეობა 50 წევრის, ხოლო სარევიზიო კომისია – 5 წევრის შემადგენლობით. საქართვ. დ. კ-ის პირველმა საორგანიზაციო პლენუმმა აირჩია სამდივნო (7 წევრი) და თავმჯდომარე (ზ. წერეთელი).

1988 წ. 15 მაისს საქართვ. სახ. მეურნ. მიღწევათა გამოფენაზე მოეწყო საქართვ. დიზაინერთა I რესპ. გამოფენა დევიზით „დიზაინი – ტრადიციები და თანამედროვეობა". დ. კ-ში ეწყობა გამოფენები, ტარდება კონკურსები, სემინარები და კონსულტაციები ახალგაზრდა დიზაინერებთან.