„დილარიანი“

„დილარიანი“, „დ ი ლ ა რ გ ე თ ი ა ნ ი", ძველი ქართული მწერლობის ჩვენამდე მოუღწეველი ძეგლი, რ-ის მთავარი გმირი დილარგეთი მოხსენიებულია ჩახრუხაძის „თამარიანსა" და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში.

საფიქრებელია, რომ „დ." იყო საგმირო-საფალავნო ან სამიჯნურო თხზულება. ვეფხისტყაოსნის ეპილოგის მიხედვით, „დ-ის" ავტორობა მიეწერება სარგის თმოგველს.

ზ. ჭიჭინაძემ შეცდომით მიიჩნია "დ-ად" „ამირანდარეჯანიანის" (XI–XII სს.) გაგრძელებათა ციკლი (1896). XIX ს. დასაწყისში პეტრე ლარაძემ „დილარიანი" უწოდა ლექსნარევი პროზით დაწერილ თავის ვრცელ თხზულებას, რ-შიც აღწერილია აბაშეთის მეფის დილარის ხიფათით აღსავსე თავგადასავალი.

ლიტ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.

ა. გვახარია