დვალები, საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის – დვალეთის – მცხოვრებნი.
ზოგიერთი სხვა ქართვ. მთიელების მსგავსად (თუშები, მოხევეები, პირიქითელი ხევსურები), დ. ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მკვიდრობდნენ. დ. განსახლებული იყვნენ აგრეთვე აღმ. საქართვ. მთიანეთში, მდ. დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს ზემო წელში, რ-საც მაღრან-დვალეთი ეწოდებოდა.
მაღრან-დვალეთში, რ-იც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა, დ. იყვნენ გადმოსახლებული არაუადრეს X–XI სს. XIV ს-იდან დ. სპორადულად იყვნენ განსახლებული დიდი ლიახვის ხეობის მაღრან-დვალეთთან მოსაზღვრე რამდენიმე მთის სოფელსა და თერგის ხეობის სათავეში – თრუსოში (ისტ. წანარეთის ნაწილი). XV ს. დასასრულიდან და ძირითადად XVI ს-ში დ-მა განიცადეს ჩრდილოეთიდან ირანულენოვანი ოსური ტომების ზეწოლა.
დ., რ-ებიც ალაგირის ხეობიდან დვალეთში შემოჭრილმა ოსებმა დაჯაბნეს, იძულებული გახდნენ აყრილიყვნენ მამა-პაპათა საცხოვრისიდან და განსახლებულიყვნენ საქართვ. სხვა რეგიონებში (რაჭა, ზემო იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე), სადაც მტერთა ხშირი თავდასხმების გამო ბევრი ნასოფლარ-ნაოხარი იყო. დვალეთში დარჩენილი დ. მიგრანტი ოსების ენობრივ-ეთნ. გარემოში გაოსდნენ. როგორც ხშირად ხდებოდა, მოსულმა ოსურმა ეთნ. ერთეულმა დ-ის სახელწოდება მიიღო.
დ-ის გაოსების პროცესი ერთდროული აქტი არ ყოფილა. მათი ეთნ. ასიმილაცია რამდენიმე თაობის განმავლობაში მიმდინარეობდა და ძირითადად XVII ს. ბოლოს დასრულდა, თუმცა XVIII ს. პირველ მეოთხედში დ-ის გარკვეულ ნაწილს თვითმყოფადობა კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა. დ. პირველად მოხსენიებული არიან ანტ. საისტ. წყაროებში ახ. წ. I და II სს-ში (პლინიუს უფროსი, პტოლემაიოსი) თალის, ვალის, უალის სახელწოდებით. ქართ. წყაროებში (ქართლის ცხოვრება) დ-ით დასახლ. „ქვეყანა" – დვალეთი – პირველად ნახსენებია III ს. შუა ხანებში მეფე ამაზასპის დროს. მეცნიერებაში დ-ის ეთნ. წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს.
ქართ. წყაროების მიხედვით, ისინი ჩვეულებრივი ქართვ. მთიელები იყვნენ, ისევე როგორც ფხოველები, თუშები, წანარები, გუდამაყრელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართლელები, ცხრაზმელები... ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანი პროვინციებისათვის დამახასიათებელი სოც., რელიგ. თავისთავადობა. ოსი მეცნიერები (ვ. აბაევი და გ. თოგოშვილი) დ-ს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ირანული წარმომავლობის ტომად. მოსაზრება, რომ დ. ოსურ ეთნ. სამყაროს განეკუთვნებიან, პირველად მეცნიერმა დ. გვრიტიშვილმა უარყო. ასევე უარყოფდა ამ შეხედულებას რუსი ეთნოგრაფი ნ. ვოლკოვა. მან დ. ერთ-ერთ იბერიულ-კავკ. ტომად წარმოადგინა. დ-ის შესახებ ფუნდამენტურ გამოკვლევაში ვ. გამრეკელმა ისინი დაუკავშირა ნახურ (ინგუშურ-ჩაჩნურ) სამყაროს, რ-ებიც ადრეფეოდ. ეპოქიდანვე გაქართებული იყვნენ, თუმცა შემდგომი კვლევა-ძიებით მან ეს შეხედულება უარყო და დვალთა ენა ქართველურ (ზანურ) ენას დაუკავშირა.
მეცნიერებაში არის შეხედულება დ-ის სვანური წარმომავლობის შესახებაც. უკანასკნელი გამოკვლევით, რ-იც ემყარება საისტ. წყაროების, საბუთების, ტოპონიმების, ანთროპონიმების კომპლ. შესწავლას, ცხადი შეიქმნა, რომ დვალეთი ეთნიკურად ქართ.-ქართველური ქვეყანა იყო, დ. კი – ზანებთან ახლოს მდგომი ტომი, თუმცა ზანების (მეგრელების) სრულ ასლს არ წარმოადგენდნენ. დ. ზანებსა და სვანებს შორის მდგომი ქართული ტომი იყო და ლაპარაკობდნენ ერთ-ერთ დამოუკიდებელ (აწ გადაშენებულ) ქართველურ ენაზე, რ-საც ყველაზე მეტი საერთო ზანურთან ჰქონდა.
საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე დ-ს ისეთივე წვლილი აქვთ შეტანილი საერთო ქართ. კულტურაში, როგორც საქართვ. სხვა პროვინციის წარმომადგენლებს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, წგ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997; Г а м р е к е л и В. Н., Двалы и Двалетия в I–XV вв. н.э., Тб., 1961.
რ. თოფჩიშვილი