დვანის სამაროვანი, ადრინდ. რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფ. დვანთან (ქარელის მუნიციპალიტეტი), მდ. აღმოსავლეთის ფრონის მარცხ. ნაპირას, მთის ფერდობზე.
1944–45 გაითხარა (ხელმძღვ. ს. მაკალათია) 14 სამარხი. 0,90–1,40 მ სიღრმის ორმოსამარხების ნაწილს რიყის ქვის წრეები ჰქონდა შემორტყმული, ზოგიერთის იატაკიც რიყის ქვით იყო მოფენილი. სამარხები ინდივიდუალური იყო. მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ერთად დაკრძალული 2 მიცვალებული.
მიცვალებულები იწვნენ ხელფეხმოკეცილნი, მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე, თავით – სამხრ-კენ. სამარხებში აღმოჩნდა მაღალხარისხოვანი შავპრიალა, აგრეთვე რამდენიმე წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (დოქები, ლანგრები, კოჭბები, დერგები, სადღვებელი), ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები და საკინძები, ბრინჯაოს საკინძები, ბეჭედი, ფიბულა, შუბისპირი, სატევრის ქარქაშის ბოლო, სკვითური ტიპის დეზიანი ორ და სამფრთიანი ისრისპირები, რკინის აკინაკის ტიპის სატევრები, მოხრილი დანები, საბრძოლო ცულ-ჩაქუჩები, ლაგამი, სარდიონის, გიშრის, ქარვისა და მინის მძივები.
ერთ-ერთ ორმოსამარხში დადასტურდა ცხენის თავ-ფეხის ჩატანების ფაქტი, რაც დაკრძალვის სკვითურ წესად არის მიჩნეული. სამარხთა აღნაგობით და არქეოლ. მასალით დ. ს. ემსგავსება სამთავროს სამაროვნის ზედა ფენის ორმოსამარხებს და თარიღდება ძვ. წ. VII–VI სს-ით.
ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., დვანის ნეკროპოლი, თბ., 1948; მ ი ს ი ვ ე, Раскопки Дванского могильника, «Советская археология», 1949, [т.]11.
ი. გაგოშიძე