დილბარიანი ალბერტ მიხეილის ძე (2. XII. 1928, თბილისი, – 17. IV. 1991, იქვე), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1952, უ. ჯაფარიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1952-იდან.
დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია კოლორიტის გრძნობა, კომპოზიციური მთლიანობა, ზუსტი ნახატი. შესრულებული აქვს პეიზაჟური და ჟანრული ხასიათის სურათები, პორტრეტები, ნატურმორტები: „ბოტანიკურ ბაღში" (1953), „ნორჩი ნატურალისტები" (1957), „მერცხლები" (1958), „სამუშაოდან დაბრუნება" (1960), „ზეიმის წინ" (1962), „საჩუქრები ფრონტისათვის (1964), „რთველი" (1969), „მსხლები" (1969), „ძველი თბილისი" (1965, 1972), „თბილისის ეზო" (1977), „მხატვრის სამყარო" (1980), „ნატურმორტი" (1983), „ოჯახი" (1985) და სხვ.
მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზში (1963), მონაწილეობდა საქართველოსა თუ მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში. დ-ის პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში (2007, გალერეა „ვერნისაჟი").