დირჰემი, ვერცხლის მონეტა არაბულ სამონეტო სისტემაში.
ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა). VII ს. ბოლოსათვის არაბი ხალიფა აბდ ალ-მალიქის სამონეტო რეფორმის (695–697) შემდეგ მისი მასა იყო 2,7–2,9 გ.
დ-ის შუბლზე ქუფური შრიფტით გამოსახული იყო რელიგ. ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ, ზურგზე – ყურანის სურები. ამგვარი დ. იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში ბაქტრიიდან ესპანეთამდე. ჰიჯრის 85 (704–705) დ. თბილ. ზარაფხანაშიც მოიჭრა.
VIII ს-იდან არაბულმა (ქუფურმა) დ-მა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმ. საქართვ. სამონეტო მიმოქცევაში (იგი მრავლადაა აღმოჩენილი გათხრების შედეგად). ძვ. ქართ. მწერლობაში ვერცხლის ფულის, მ. შ. არაბული დ-ის აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმ. დრამა.
ლიტ: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკამეტროლოგია, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9); Л о р д к и п а н и д з е Г. А., К истории древней Колхиды, Тб., 1970; S c h r ö t t e r F., Wörterbuch der Münzkunde, B., 1930.
ი. ჯალაღანია