დისევი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის თემში, მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დას. მთისწინეთში, მდ. ჭარებულის (ლიახვის აუზი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1000 მ, ერედვიდან 7 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 805 მცხ. (2002).
ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) სოფელს დიცევის სახელით მოიხსენიებს. სოფლის აღმ. ნაწილში, გორაკზე, დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – X ს. ძელიცხოვლის დარბაზული ეკლესია. მოგვიანებით დას. მხრიდან მიუერთეს გარშემოსავლელის დას. ნაწილი და ამით გაზარდეს მისი მოცულობა. ჩრდ-ით გარშემოსავლელის მხოლოდ მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კუთხეები და კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია ღვინისფერი ტუფის კვადრებითა და შირიმის ქვით. ეკლესია შიგნით და გარედან შელესილი იყო. შესასვლელი ჩრდ-იდან აქვს. ინტერიერში გრძივი კედლები ორ ნაწილადაა დანაწევრებული პილასტრების ერთი წყვილით, რ-ებზეც ამოყვანილ კედლის თაღებზე დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღი. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელი დაგვირგვინებულია რელიეფური კომპოზიციით, რ-ის შუაში ამოკვეთილია განედლებული ჯვარი, ბურთულები, ხოლო ნაპირებზე – მედალიონებში ჩასმული ცხოველთა ფიგურები და ადამიანის გამოსახულება (მკერდის ზემოთ). ქვის მარჯვ. კიდეს ჩამოსდევს ასომთავრული წარწერა (რესტავრ. 2007).
ლიტ: М е п и с а ш в и л и Р. С., Ц и н ц а д з е В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида Картли, Тб., 1975.
რ. მეფისაშვილი
ვ. ცინცაძე