გლოლა

გლოლა, სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ჭანჭახის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირას, ონი – შოვის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 1280 მ, ონიდან 27 კმ. 385 მცხ. (2002).

სოფლის მიდამოებში, მდინარეების ბოყოსწყლისა და ჭანჭახის შესართავთან, არის მყინვარის მიერ მთავარი ქედიდან ჩამოზიდული გრანიტული ლოდები. მათი გადაადგილების დრო უკავშირდება უკანასკნელ ან უკანასკნელისწინა გამყინვარებას. გლოლის ლოდები შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".

გ. პირველად დამოწმებულია ალექსანდრე მეფის სიგელში (XV ს.) – „წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სისხლის გადახდაზე". მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა": „არს გლოლა დაბა მგზავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი. შიგ ეკლესია, აღვსილი ოქროვეცხლის ხატითა და ჯუარითა და წიგნებითა, ძუელადვე ხიზნულნი".

მდ. ჭანჭახის მარჯვ. ნაპირზე, გორაკზე, რ-საც ადგილ. მოსახლ. ზედაქალაქს უწოდებს, შემორჩენილია შუა საუკ. ციხის, განვითარებული შუა საუკ. 2 ეკლესიისა და სხვ. ნაგებობათა ნანგრევები. ერთი, შედარებით დიდი, ეკლესია წმინდა გიორგისა შემოსილია სუფთად გათლილი მოყვითალო შირიმის კვადრებით. ინტერიერში მოხატულობის კვალია. მოხატული ყოფილა მეორე, ნახევრად დამუშავებული დიდრონი ქვით ნაგები მიქელგაბრიელის ეკლესიაც.

გ-ში ასევე არის ჯვარპატიოსნის (შუა საუკ.), ნათლისმცემლის (XVII ს.) ეკლესიები და ეკლესია „ციხე" (შუა საუკ.).

დ. სვანიძე

მ. დვალი