დონჟაშვილი თინა გიორგის ასული

თ. დონჟაშვილი

დონჟაშვილი თინა გიორგის ასული (21. IX. 1916, თბილისი, – 17. III. 1993, იქვე), მწერალი. 1941 დაამთავრა მოსკ. I სამედ. ინ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.

1947 დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრ. „ვერ მიგატოვებ", რ-შიც მწერალმა ასახა ფრონტელ ექიმთა ცხოვრება. ომის თემაზეა შექმნილი რომანი „განთიადი" (1950) და მოთხრობა „ჩემი მეგობარი" (1963). ყურადღებას იპყრობს ასევე რომანები – „ალაზანზე" (1956) და „გონჯაურა" („მნათობი", 1987, №10–12, ცალკე წიგნად, 1988), რ-შიც ასახულია 1951 რეპრესიები; აგრეთვე კრებულები: „ვერ მიგატოვებ" (1971), „შორ გზაზე" (1976), „მოთხრობები. რომანი" (1980); ნარკვევების კრებულები: „შრიალებდეს ტყე" (1961), „მთებში" (1967), „ალისფერი ვარდები" (1971), „მთა და ბარი" (1974), „თუშეთის ალპებში" (1974), „ჩემი ნაკრძალი" (1975) და სხვ.

დ. ავტორია პიესებისა: „ახალი ქართლი" (1948), „გამარჯვებულთა ღიმილი" (1949, დაიდგა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში) და სხვ.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.